ქაენია პალკინა, სოფია შაფათავა

სოფიო შაფათავამ ყაზახეთში ტურნირი მოიგო

144
(განახლებულია 15:30 02.09.2019)
მიმდინარე სეზონში ქართველმა ჩოგბურთელმა წყვილთა თანრიგში მეხუთე ტურნირი მოიგო.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა სოფიო შაფათავამ ITF სერიის ტურნირზე წყვილებს შორის გაიმარჯვა. ტურნირი ყაზახეთის ქალაქ ალმათში გაიმართა.

ფინალში სოფიო შაფათავა/ქსენია პალკინას (ყირგიზეთი) დუეტმა ალინა სილიჩი (რუსეთი)/თამარ ჩუროვიჩის (სერბეთი) წყვილი ორ სეტში დაამარცხა – 6:4, 7:6. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 25 ათასი აშშ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ 30 წლის შაფათავასთვის ალმათში წარმატება მის კარიერაში წყვილთა თანრიგში 30-ე გამარჯვებაა, აქედან ოთხი მან პალკინასთან დუეტში მოიგო.

მიმდინარე სეზონზე ქართველმა ჩოგბურთელმა წყვილთა თანრიგში მეხუთე ტურნირი მოიგო. ალმათში გამარჯვებამდე შაფათავამ სამჯერ იზეიმა წარმატება პორტუგალიის ქალაქ ობიდოსში და ერთხელ ესპანეთის ქალაქ სანტა-მარგარიტა დე მონბუიში.

აღნიშნულ მომენტში შაფათავა WTA-ს რეიტინგში წყვილთა თანრიგში 171-ე ადგილზეა.

144
თემები:
სპორტის ამბები (755)
გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი

თბილისში ერთ–ერთი სტადიონი შაქარაშვილის სახელობის გახდა

34
(განახლებულია 21:28 03.08.2020)
მაისური ნომრით 21 კლუბ „საბურთალოში“ მუდამ გიორგი შაქარაშვილისა დარჩება და ის გუნდის მუზეუმში შეინახება

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი გახსნა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ძებნიდან მეოთხე დღეს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო, თუმცა მის სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს, რომელმაც დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მიიღო, ორი – თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლით იძიებენ.

დაღუპული ფეხბურთელის სახელი საფეხბურთო აკადემია „საბურთალოს“ ერთ–ერთ სტადიონს მიენიჭა, რომელიც იოსებიძის ქუჩაზე მდებარეობს. გახსნას ესწრებოდნენ კლუბის ხელმძღვანელები, შაქარაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და პარტნიორები.

კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, რომ მაისური №21 წარწერით „შაქარა" კლუბ „საბურთალოში“ მუდამ გიორგის კუთვნილება იქნება და ის კლუბის მუზეუში შეინახება.

გიორგი შაქარაშვილი დუბლშემადგენლობის მოთამაშე იყო. ხელმძღვანელობა და მწვრთნელთა შტაბი მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.

34
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე
ალექსანდრე ჩივაძე

ალექსანდრე ჩივაძე: შეგვეძლო ოლიმპიადა მოგვეგო, მაგრამ ბიჭები „გადაიწვნენ“

51
(განახლებულია 16:56 03.08.2020)
„Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში სსრკ-ის ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ცენტრალური მცველი ალექსანდრე ჩივაძე 40 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს.

მოსკოვის ოლიმპიადაზე სსრკ-ის ნაკრების სპორტსმენებმა 195 მედალი მოიპოვეს, აქედან 80 – უმაღლესი სინჯის. მაგრამ ოლიმპიური თამაშების მთავარი ოქრო ფეხბურთში, რომელსაც პრაქტიკულად ყველა ელოდა, ერგო ჩეხოსლოვაკიას, რომელმაც საფეხბურთო ტურნირი მოიგო. სსრკ-ის ნაკრები ნახევარფინალში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან იუგოსლავიასთან ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

ამბობენ, ამ შედეგით უკმაყოფილება თავად ბრეჟნევმაც გამოხატაო. ლეგენდაა ეს თუ არა, არავინ იცის, მაგრამ ერთი ცხადია – ფეხბურთის ნაკრებისგან მხოლოდ გამარჯვებას ელოდნენ, ბრინჯაო კი ნამდვილად წარუმატებლობად აღიქმებოდა.

Александр Чивадзе - бронзовый призер ОИ-80 в составе сборной СССР по футболу.
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ალექსანდრე ჩივაძე მოსკოვის ოლიმპიადას იხსენებს

ალექსანდრე ჩივაძეს ყველა კარგად იცნობს. იგი სსრკ-ის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, რომლის ჯილდოთა რაოდენობისა ფეხბურთის თანამედროვე ვარსკვლავებსაც კი შეშურდებოდათ.

- სსრკ-ის მესამე ადგილს რაიმე დასკვნები თუ მოჰყვა?

- რა თქმა უნდა, ვინაიდან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნახევარფინალში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დავმარცხდებოდით. ყველა ელოდა ჩვენი ნაკრების ნახვას ფინალურ მატჩში. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იოლად დავამარცხეთ იუგოსლავია, მაგრამ, რასაკვირველია, მეტის მიღწევა შეგვეძლო. ჩვენ კარგი გუნდი გვყავდა. ოლიმპიური თამაშების პრიზიორობა საპატიოა, მაგრამ ოლიმპიური ოქრო – სულ სხვა საქმეა.

- თქვენ ყველგან და ყოველთვის პირველი იყავით - რამდენად ძვირფასია თქვენთვის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაო?

- ოლიმპიადა, გასაგებია, მსოფლიო ჩემპიონატი არ არის, მაგრამ მაინც ოლიმპიადაა. ოლიმპიური თამაშების პრიზიორობა - დიდი პატივია. ისე, მაშინ ოქროს მოგებაც შეგვეძლო. გერმანელები, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ფეხბურთელები, ერთხელ გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე, ჩამოაწოდეს კუთხური და გაგვიტანეს. ჩვენ კი იმდენი მომენტი გვქონდა... მაგრამ გატანილი გოლის შემდეგ დაცვაში ისეთი კედელი აღმართეს, რომელიც, სამწუხაროდ, ვერაფრით გავარღვიეთ. დასანანია, რა თქმა უნდა.

Футболист А.Чивадзе
© photo: Sputnik / Igor Utkin
ალექსანდრე ჩივაძე სსრკ-ს ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობაში

- არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ ნახევარფინალის წინ სსრკ-ის ნაკრები „დაამუშავეს“ და ის გადაიწვა. სიმართლეა?

- საბჭოთა ნაკრების ყველა სპორტსმენი ოლიმპიურ სოფელში ცხოვრობდა და მხოლოდ ჩვენ და კალათბურთელები ვცხოვრობდით ნოვოგორსკის ბაზაზე. ამით ყველაფერი ნათქვამია, ვინაიდან ფეხბურთი და კალათბურთი – სპორტის ნომერი პირველი სახეობებია. თამაშის დღეს ჩვენთან დიდი სამამულო ომის ვეტერანები მოვიდნენ და აგვიხსნეს, როგორ და რატომ უნდა მოგვეგო გდრ-ის ნაკრებისთვის. ბიჭებიც გადაიწვნენ - ჩერენკოვი, შავლო, გავრილოვი. „დამუშავებამ“ უკუღმა იმოქმედა.

- მესამე ადგილის მიუხედავად რამე საპრიზო თანხა თუ გერგოთ?

- მესამე ადგილისთვის თითოეულს 1,5 ათასი მანეთი დაგვირიგეს (იცინის). ოლიმპიადამდე დაგვპირდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ყველას „ვოლგებით“ დაგვაჯილდოებდნენ.

- რატომ არ არის ყოველთვის ფეხბურთელებისთვის, ისევე, როგორც, დავუშვათ, ჩოგბურთელებისთვის, ოლიმპიური თამაშები ყოველთვის პირველ ადგილზე?

- ეს ფიფას „დამსახურებაა“, რომელიც პროფესიონალ ფეხბურთელებს უფლებას არ აძლევდა მონაწილეობა მიეღოთ ოლიმპიურ თამაშებში. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. მაგრამ ადრე თუ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში მონაწილეობდი, უკვე აღარ გქონდა ოლიმპიურ ნაკრებში თამაშის უფლება. ამიტომ იმ შემადგენლობაში არ იყვნენ ბლოხინი, შენგელია, ყიფიანი, ბურიაკი. ისინი უკვე პროფესიონალ ფეხბურთელებად ითვლებოდნენ, ჩვენ კი მოყვარულებივით ვიყავით (იცინის).

- ერთი წლის შემდეგ ამ გუნდის ნახევარმა - „მოყვარულებმა“ - უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგო.

- დიახ (იცინის). მაშინ ასეთი წესები იყო.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ოლიმპიური მოძრაობა, გლობალურად თუ შევხედავთ, აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო?

Александр Чивадзе - бронзовый призер ОИ-80 в составе сборной СССР по футболу.
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ალექსანდრე ჩივაძე - ოლიმპიადა 80-ის ბრინჯაოს პრიზიორი

- შეიძლება ასეც ითქვას, ახლა, ამ პანდემიის პირობებში, გაურკვეველია, რა ელის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს. საერთოდ კი, ოლიმპიადა ძალიან მჭიდროდაა გადაჯაჭვული პოლიტიკასთან, რაც არც ისე კარგია. ამასთან, თუ კონკრეტულად ფეხბურთზე ვისაუბრებთ, კლუბური ფეხბურთის დონემ უკვე იმ დონეს მიაღწია, ვგულისხმობ უეფას ჩემპიონთა ლიგას, რომ ინტერესით გაცილებით აღემატება ოლიმპიურ ტურნირს. ეს ფეხბურთელებსაც მყარად ჩაებეჭდათ თავში.

- შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ფეხბურთელები ფულმა გარყვნა?

- არც უმაგისობაა. ზოგჯერ ვფიქრობ - როგორ შეუძლიათ მშვიდად ძილი ასეთი ხელფასებით?! თავის დროზე 250 მანეთს და 20-მანეთიან დანამატს ვიღებდი სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდების წყალობით. მე ხომ „დინამოს“ საზოგადოებაში ვიყავი და იქ ყველას წოდება ჰქონდა. მე ვიყავი უფროსი ლეიტენანტი. როდესაც უწყებაზე ხელს ვაწერდი, ჩემი გვარის გასწვრივ ეწერა – 314-ე მსროლელი დივიზიის სნაიპერი. ეს კარგად მახსოვს.

- თქვენ საქართველოს ნაკრებთან თანამშრომლობდით და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ამ მომენტისთვის საუკეთესო შედეგს მიაღწიეთ, მაგრამ არასდროს გაგიწვრთნიათ კლუბი, მიუხედავად იმისა, რომ გთავაზობდნენ. რატომ?

- საბჭოთა კავშირის დროს არ მინდოდა ამ საქმის კეთება იმის გამო, რომ იყო ბიუროკრატია და ძალიან ბევრი სამუშაო საბუთებთან. 1987 წლის სეზონის მეორე წრეში ფაქტობრივად თბილისის „დინამოს“ მოთამაშე მწვრთნელი ვიყავი. ყოველი თამაშის შემდეგ მიწევდა ანგარიშების წერა და ბევრი სხვა საქმის კეთება, რომელსაც ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ეს უინტერესო იყო. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში კი – პრესის გამო. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში თბილისში ინგლისის ნაკრებთან 0:2 დამარცხების შემდეგ ჩემზე მასმედიაში ისეთ რაღაცებს წერდნენ, ისეთ რეცენზიებს, რომლებიც ჩემთვის მიუღებელია.

პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს ცხადაძისა და შელიას შეცდომების გამო ვაგებდით. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი: „სტადიონი სავსეა - ჩვენს საყურებლად რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მოვიდა. აჩვენეთ შემტევი ფეხბურთი, გადადით მათ ნახევარზე. მესამე გოლიც რომ გაგვიტანონ, მთელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“. მაგრამ არ გამოვიდა. მეორე ტაიმში ინგლისელები ბურთს თავიანთ ნახევარზე აგორავებდნენ, ჩვენ – ჩვენს ნახევარზე. ბიჭებს უბრალოდ ოსტატობა არ ეყოთ. გამოდის, რომ მწვრთნელმა ვერ ჩაატარა სათანადო სამუშაო და ვერ იპოვა საჭირო სიტყვები თავისი გუნდისთვის. ამის შემდეგ პრესაში გაჩნდა ისეთი შეურაცხმყოფელი სტატიები, რომ მწვრთნელად მუშაობის ყოველგვარი სურვილი გამიქრა. „დინამოში“ სამუშაოდ რომ წავსულიყავი, ეს კი სავსებით რეალური იყო, ჩემგან, როგორც ჩივაძისგან, მუდმივად მოითხოვდნენ ევროპაში გამოსვლას. ეს კი ასე არ მუშაობს.

- შემოდგომაზე უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალი უნდა გაიმართოს, რომელშიც საქართველოს ნაკრები ბელარუსის ნაკრებს შეხვდება. როგორ აფასებთ ჩვენი გუნდის შანსს?

- ამ შეხვედრას მთელი საქართველო ელოდება. ვშიშობ, ფეხბურთელები არ გადაიწვნენ, რადგან შესანიშნავად ესმით, როგორი პასუხისმგებლობა აწევთ. პანდემიის გამო უკვე რამდენჯერმე გადაიდო მატჩი და ესეც შეიძლება ნეგატიურად აისახოს მოთამაშეებზე. მაგრამ, ჩემი აზრით, ბელარუსის ნაკრებს უნდა მოვუგოთ. ვერ ვიტყვი, რომელი გუნდი უფრო ძლიერია ამ მომენტში, მაგრამ თუ ჩვენი ნაკრების შემადგენლობას გადავხედავთ, შანსი გვაქვს. მთავარია, არ იყვნენ ტრავმირებულები.

ის, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში გაიმარჯვა და ნახევარფინალში მოხვდა, გიორგი ჩაკვეტაძის დამსახურებაა, რომელიც ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. ის პირველად ათიოდე წლის წინ ვნახე, მაშინაც საგრძნობლად გამოირჩეოდა თანატოლების ფონზე.

- საქართველო ყოველთვის შემტევ ფეხბურთს უწევდა აგიტაციას. ერთ-ერთ ინტერვიუში ხუმრობით ისიც თქვით, რომ შემტევი მცველი იყავით. მაშ რატომაა თავდამსხმელების ასეთი დეფიციტი გუნდში? გვყავს ძალიან ბევრი შემტევი ნახევარმცველი - ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, გვილია, კვარაცხელია, ოქრიაშვილი, თავდამსხმელები კი - პრობლემაა.

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. რატომ არ იბადება ახალი მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, რამაზ შენგელია? ალბათ ოდესმე გამოჩნდებიან. საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი იყო. ფეხბურთელები მუდმივად ვარჯიშობდნენ მაღალპროფესიონალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით და იზრდებოდნენ.

ალბათ ჩვენს ფეხბურთელებს, თუ საუბარია თავდამსხმელებზე, არ ჰყოფნით ნიჭი და შრომისუნარიანობა. ამის გარეშე შორს ვერ წავალთ. საჭიროა თავი მიუძღვნა ფეხბურთს, მაშინ წარმატების მიღწევის შანსიც გაჩნდება.

- სხვათა შორის, წარმატებას რაც შეეხება - საქართველოს ნაკრები მზადაა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის? თუ ტურნირზე მოხვდება, მეტისმეტად ხომ არ დაჩრდილავენ სხვა გუნდები?

- არა მგონია. რაღაცით ხომ უნდა დაიწყო. თუ საქართველოს ნაკრები ევროს ფინალურ ნაწილში გავა, ეს მიღწევა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი ბიჭი მოისურვებს ფეხბურთის თამაშს და, ვინ იცის, იქნებ ეს ჩვენი ფეხბურთის მომავალი წარმატების საწინდარიც გახდეს.

51
თემები:
ოლიმპიადა 1980