მამუკა გორგოძე ქომაგებთან ერთად

ლეგენდარული მამუკა გორგოძე მსოფლიო-2019-ის წინ ნაკრებში ბრუნდება

63
(განახლებულია 18:37 31.08.2019)
ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბთან, რომელშიც ქართველი ბორჯღალოსანი თამაშობს

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი მამუკა გორგოძე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატში, დაწერა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

„მეგობრებო, მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას დაემატა სამწუხარო ფაქტი, რომ ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მძიმედ დაშავდა. მამუკას ვესაუბრე ამ საკითხებზე 2 დღის წინ, სადაც მან თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე“, - დაწერა ბახტაძემ.

მან ყოფილ კაპიტანს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამჟამად მის კლუბთან საბოლოო დეტალების შესათანხმებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ადრე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ისაუბრა გორგოძის შესაძლო დაბრუნების შესახებ. ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საბოლოოდ გაირკვა, რომ გიორგი ცუცქერიძე მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ მიდის.

ჰეიგმა აღნიშნა, რომ სამწვრთნელო შტაბი ამ საკითხს შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ განიხილავს.

შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩი არის მოსამზადებელი პროცესის ნაწილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც წელს იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. პირველ ტესტ-მატჩში, რომელიც თბილისში სამი დღის წინ შემდგა, საქართველომ სამხრეთ-აფრიკულ კლუბ „საუთერნ კინგსს“ ანგარიშით 24:20 მოუგო. დასკვნით ტესტ-მატჩს „ჯვაროსნები“ კვლავ შოტლანდიის წინააღმდეგ ედინბურგში 6 სექტემბერს გამართავენ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა და უცვლელმა ლიდერმა მამუკა გორგოძემ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ 2017 წლის მაისში განაცხადა.

Капитан сборной Грузии по регби Мамука Горгодзе
© facebook.com/OfficialGeorgiaRugby.
მამუკა გორგოძე

გორგოძე უსაყვარლესი მოთამაშეა რაგბის ქომაგების, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში მხარს უჭერდნენ და მის გვერდით იდგნენ. თავის კუმირს სწორედ მათ შეარქვეს მეტსახელი — გორგოძილა!

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გორგოძემ 71 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 13-ში კაპიტანი იყო. მისი დებიუტი 2003 წელს ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში შედგა, როდესაც ის შეცვლაზე გამოვიდა. იმ დროიდან გორგოძეს ქვეყნის მთავარ გუნდში მუდმივად იბარებდნენ.

Капитан сборной Грузии по регби Мамука Горгодзе
© facebook.com/OfficialGeorgiaRugby.
მამუკა გორგოძე

გორგოძე საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი მელელოვეა — მას 26 ლელო აქვს გატანილი. საქართველოს საუკეთესო მორაგბე ექვსჯერ გახდა —2008, 2009, 2011, 2013, 2015 და 2016 წლებში, 2011 წელს კი ის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

მონაწილეობა აქვს მიღებული სამ მსოფლიო თასზე — 2007, 2011 და 2015 წლებში. 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე: 2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან, 2015 წელს ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან.

2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველომ ისტორიულ შედეგს მიაღწია — ტონგასთან (17:10) და ნამიბიასთან (17:16) თამაშების მოგებით 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ავტომატურად მოიპოვა. იმ ნაკრების კაპიტანი გორგოძე იყო.

63
თემები:
სპორტის ამბები (408)