მარიამ ბოლქვაძე US Open-ზე მსოფლიოს მესამე ჩოგბურთელთან დამარცხდა

© REUTERS / Robert Deutschმარიამ ბოლქვაძე
მარიამ ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლქვაძე პირველი ქართველი ჩოგბურთელი ქალია, რომელიც 2014 წლის შემდეგ „დიდი სლემის" ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა.

თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ დაასრულა ასპარეზობა US Open-ზე – მეორე წრეში ის მსოფლიოს მესამე ჩოგანთან, ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან ორ სეტში დამარცხდა – 1:6, 4:6. მატჩი ერთ საათზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა.

მარიამ ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ US Open-ზე სენსაცია მოახდინა

შეხვედრის პირველი პარტია ჩეხი ჩოგბურთელის აშკარა უპირატესობით წარიმართა. ბოლქვაძის ჩაწოდებები არადამაჯერებელი იყო, ის ბევრ შეცდომას უშვებდა და მეტოქის ჩაწოდებაზე ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გააკეთა. შედეგად პლიშკოვამ პირველი პარტია 22 წუთში მოიგო.

მეორე სეტში ქართველმა ტემპს მოუმატა და უფრო გამოცდილი პლიშკოვას ჩაწოდებაც კი აიღო. მაგრამ უფრო მეტი წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ჩეხმა ჩოგბურთელმა ერთი ბრეიკით მეტი გააკეთა და შეხვედრა მეორე მატჩ-ბოლით მოიგო.

მარცხის მიუხედავად, US Open-ზე ასპარეზობა 21 წლის ბოლქვაძეს აქტივში ჩაეთვლება. ჯერ ერთი, ტურნირის დაწყებამდე ჩვენი ჩოგბურთელი WTA-ს რეიტინგში 202-ე სტრიქონს იკავებდა, ხოლო ნიუ-იორკში გამომუშავებული 70 ქულა მას 165-ე ადგილამდე დაწინაურების შესაძლებლობას აძლევს. ბოლქვაძისთვის ეს კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი იქნება.

მეორე, ქართველმა სპორტსმენმა საგრძნობლად გაზარდა თავისი საბანკო ანგარიში – მან 100 ათასი დოლარი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.

და მესამე – ბოლქვაძე პირველი ქართველი ჩოგბურთელი ქალია, რომელიც 2014 წლის შემდეგ „დიდი სლემის" ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა. ხუთი წლის წინ ეს სოფიო შაფათავამ „როლან გაროსზე" მოახერხა. თუმცა, ბოლქვაძისგან განსხვავებით, შაფათავამ პირველივე რაუნდში სვეტლანა კუზნეცოვასთან წააგო.

US Open 8 სექტემბერს დასრულდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 28 619 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებული ქალთა შორის იაპონელი ნაომი ოსაკაა.

ყველა ახალი ამბავი
0