საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ვარჯიში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკელები დაამარცხა

109
(განახლებულია 13:10 28.08.2019)
ქართველმა მორაგბეებმა მატჩში გარდატეხის შეტანა ბოლო 15 წუთში შეძლეს.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამშაბათს მიხეილ მესხის სტადიონზე სამხრეთაფრიკული კლუბი „საუტერნ კინგზი“ ტესტ-მატჩში ანგარიშით 24:20 დაამარცხა.

შეხვედრის დასაწყისი მასპინძლისთვის მძიმე აღმოჩნდა. უკვე მეექვსე წუთზე ანგარიში „მეფეების“ სასარგებლოდ 10:0 იყო.

ქართულმა ნაკრებმა მეტოქეს პასუხი მალევე გასცა – მე-15 წუთზე ლელო გელა აფციაურმა გაიტანა. თუმცა, სოსო მათიაშვილი რთულად შესასრულებელ გარდასახვას ვერ გაუმკლავდა და ანგარიში სტუმრების სასარგებლოდ 10:5 გახდა.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყველა მცდელობამ სამხრეთაფრიკელებს დიდი ვერაფერი დააკლო, რამდენიმე წუთში მათ მასპინძლებს წარმატებული ლელოთი უპასუხეს. შესვენებაზე გუნდები გავიდნენ ანგარიშით 17:5 „საუტერნ კინგზის“ სასარგებლოდ.

მატჩის მეორე ნახევარი იმით დაიწყო, რომ სტუმრებმა საჯარიმო დაარტყეს და უპირატესობა კიდევ 3 ქულით გაზარდეს – 20:5. სავარაუდოდ, სამხრეთაფრიკელმა „მეფეებმა“ ამ დროს იფიქრეს, რომ თამაში უკვე მოიგეს. ყოველ შემთხვევაში, მათი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა აშკარა იყო.

თუმცაღა დასკვნით 15 წუთში „ბორჯღალოსნებმა“ თამაშის მთლიანად შემოტრიალება მოახერხეს. ჯერ 67-ე წუთზე გიორგი მელიქიძემ გაიტანა ლელო. რამდენიმე წუთში კი მოლის წესების დარღვევით ჩაქცევისთვის საქართველოს ნაკრებს ჩაუთვალეს ტექნიკური ლელო გარდასახვასთან ერთად და მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირეს – 17:20.

მატჩში საბოლოო წერტილი შალვა სუთიაშვილმა დასვა, რომელმაც ლელო გაიფორმა, ხოლო ლაშა მალაღურაძემ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და მატჩის დამთავრებამდე ორიოდე წუთით ადრე საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 24:20.

იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში მომდევნო ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. ეს თამაში 31 აგვისტოს „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. 6 სექტემბერს კი იმავე შოტლანდიასთან მატჩი ედინბურგში გაიმართება.

 

109
თემები:
სპორტის ამბები (405)