გიორგი ჭიაბრიშვილი

გიორგი ჭიაბრიშვილი: „შევეცდებით, მოსაგებად ვითამაშოთ“

72
(განახლებულია 20:16 13.08.2019)
მატჩი „საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შორის 14 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასაწყისი 20:00 საათზე.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩის წინ თბილისის „საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შორის, ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.  

ერთი კვირის წინ „საბურთალომ“ „არარატ-არმენია“ ერევანში დაამარცხა ანგარიშით 2:1 და მნიშვნელოვნად გაზარდა პლეი-ოფის რაუნდში გასვლის შანსები. თუმცა ჭიაბრიშვილს მიაჩნია, რომ რაიმე დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია.

„ვფიქრობ, მეტოქე შემოგვიტევს და შეეცდება რომ თავისი თამაში მოგვახვიოს თავს. ამისთვის მზად ვართ. ვეცდებით, ბურთი ვაკონტროლოთ და არა სხვაობის შესანარჩუნებლად, არამედ მოსაგებად ვითამაშოთ“, — განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ „არარატი“ კარგი გუნდია, ეროვნული გუნდების კანდიდატებით დაკომპლექტებული“, და იმისათვის, რომ მომავალ მოწინააღმდეგეებზე იფიქრონ, ჯერ „არარატ-არმენიას“ სახით არსებული ბარიერი უნდა გადალახონ.

ჭიაბრიშვილის თქმით, „საბურთალოს“ გარკვეულწილად გაუმართლა კენჭისყრის კუთხით. საქმე ისაა, რომ „თუ საბურთალო“ შემდეგ ეტაპზე გადავა, მას ლუქსემბურგული „დუდელანჟისა“ და ესტონური „კალიუს“ წყვილში გამარჯვებულთან მოუწევს შეხვედრა.

„თუ ფლეი-ოფზე ვისაუბრებთ, დუდელანჟს მარტივ მეტოქედ არ მივიჩნევთ... წინა სეზონში მათ ჯგუფში შესვლის კანდიდატად არავინ მიიჩნევდა, მაგრამ სენსაცია მოახდინეს და ფინალურ ეტაპზეც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს“, — განაცხადა ქართველმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ: მატჩი „საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შორის 14 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასაწყისი 20:00 საათზე.

72
თემები:
სპორტის ამბები (753)
ალექსანდრე ჩივაძე

ალექსანდრე ჩივაძე: შეგვეძლო, ოლიმპიადა მოგვეგო, მაგრამ ბიჭები „გადაიწვნენ“

35
(განახლებულია 12:41 03.08.2020)
Sputnik-საქართველოსთვის მიცემულ ინტერვიუში სსრკ-ის ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ცენტრალური მცველი ალექსანდრე ჩივაძე 40 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს.

მოსკოვის ოლიმპიადაზე სსრკ-ის ნაკრების სპორტსმენებმა 195 მედალი მოიპოვეს, აქედან 80 - უმაღლესი სინჯის. მაგრამ თამაშების მთავარი ოქრო, რომელსაც პრაქტიკულად ყველა ელოდა, ერგო ჩეხოსლოვაკიას, რომელმაც ფეხბურთის ტურნირი მოიგო. სსრკ-ის ნაკრები ნახევარფინალში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან იუგოსლავიასთან ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

ამბობენ, ამ შედეგით უკმაყოფილება თავად ბრეჟნევმაც გამოხატაო. ლეგენდაა ეს თუ არა, არავინ იცის, მაგრამ ერთი ცხადია - ფეხბურთის ნაკრებისგან მხოლოდ გამარჯვებას ელოდნენ, ბრინჯაო კი ნამდვილად წარუმატებლობად აღიქმებოდა.

Александр Чивадзе - бронзовый призер ОИ-80 в составе сборной СССР по футболу.
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ალექსანდრე ჩივაძე მოსკოვის ოლიმპიადას იხსენებს

ალექსანდრე ჩივაძეს ყველა კარგად იცნობს. იგი სსრკ-ის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, რომლის ტროფეისაც ფეხბურთის თანამედროვე ვარსკვლავებსაც შეშურდებოდათ.

- სსრკ-ის მესამე ადგილს რაიმე დასკვნები თუ მოჰყვა?

- რა თქმა უნდა, ვინაიდან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნახევარფინალში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დავმარცხდებოდით. ყველა ელოდა ჩვენი ნაკრების ნახვას გადამწყვეტ მატჩში. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იოლად დავამარცხეთ იუგოსლავია, მაგრამ, რასაკვირველია, მეტის მიღწევა შეგვეძლო. ჩვენ კარგი გუნდი გვყავდა. ოლიმპიური თამაშების პრიზიორობა საპატიოა, მაგრამ ოლიმპიური ოქრო - სულ სხვა საქმეა.

- თქვენ ყველგან და ყოველთვის პირველი იყავით - რამდენად ძვირფასია თქვენთვის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაო?

- ოლიმპიადა მსოფლიო ჩემპიონატი არ არის, მაგრამ მაინც ოლიმპიადაა. ოლიმპიური თამაშების პრიზიორობა - დიდი პატივია. ისე, მაშინ ოქროს მოგებაც შეგვეძლო. გერმანელები, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ფეხბურთელები, ერთხელ გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე, ჩამოაწოდეს კუთხური და გაგვიტანეს. ჩვენ კი იმდენი მომენტი გვქონდა. მაგრამ გატანილი გოლის შემდეგ დაცვაში ისეთი კედელი აღმართეს, რომელიც, სამწუხაროდ, ვერაფრით გავარღვიეთ. დასანანია, რა თქმა უნდა.

Футболист А.Чивадзе
© photo: Sputnik / Igor Utkin
ალექსანდრე ჩივაძე სსრკ-ს ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობაში

- არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ ნახევარფინალის წინ სსრკ-ის ნაკრები „დაამუშავეს“ და ის გადაიწვა. სიმართლეა?

- საბჭოთა ნაკრების ყველა სპორტსმენი ოლიმპიურ სოფელში ცხოვრობდა და მხოლოდ ჩვენ და კალათბურთელები ვცხოვრობდით ნოვოგორსკის ბაზაზე. ამით ყველაფერი ნათქვამია, ვინაიდან ფეხბურთი და კალათბურთი - სპორტის ნომერი პირველი სახეობებია. თამაშის დღეს ჩვენთან დიდი სამამულო ომის ვეტერანები მოვიდნენ და აგვიხსნეს, როგორ და რატომ უნდა მოგვეგო გდრ-ის ნაკრებისთვის. ბიჭებიც გადაიწვნენ - ჩერენკოვი, შავლო, გავრილოვი. „დამუშავებამ“ უკუღმა იმოქმედა.

- მესამე ადგილის მიუხედავად, რამე საპრიზო თანხა თუ გერგოთ?

- მესამე ადგილისთვის თითოეულს ათას ხუთასი მანეთი დაგვირიგეს (იცინის). ოლიმპიადამდე დაგვპირდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ყველას „ვოლგა-24“-ით დაგვაჯილდოებდნენ.

- რატომ არ არის ყოველთვის ფეხბურთელებისთვის, როგორც, დავუშვათ, ჩოგბურთელებისთვის, ოლიმპიური თამაშები ყოველთვის პირველ ადგილზე?

- ეს ფიფას „დამსახურებაა“, რომელიც პროფესიონალ ფეხბურთელებს უფლებას არ აძლევდა, მონაწილეობა მიეღოთ ოლიმპიურ თამაშებში. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. მაგრამ ადრე, თუ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში მონაწილეობდი, უკვე აღარ გქონდა ოლიმპიურ ნაკრებში თამაშის უფლება. ამიტომ იმ შემადგენლობაში არ იყვნენ ბლოხინი, შენგელია, ყიფიანი, ბურიაკი. ისინი უკვე პროფესიონალ ფეხბურთელებად ითვლებოდნენ, ჩვენ კი მოყვარულებივით ვიყავით (იცინის).

- ერთი წლის შემდეგ ამ გუნდის ნახევარმა - „მოყვარულებმა“ - უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგო.

- დიახ (იცინის). მაშინ ასეთი წესები იყო.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ოლიმპიური მოძრაობა, გლობალურად თუ შევხედავთ, აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო?

Александр Чивадзе - бронзовый призер ОИ-80 в составе сборной СССР по футболу.
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ალექსანდრე ჩივაძე - ოლიმპიადა 80-ის ბრინჯაოს პრიზიორი

- შეიძლება ასეც ითქვას, ახლა, ამ პანდემიის პირობებში, გაურკვეველია, რა ელის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს. საერთოდ კი, ოლიმპიადა ძალიან მჭიდროდაა გადაჯაჭვული პოლიტიკასთან, რაც არც ისე კარგია. ამასთან, თუ კონკრეტულად ფეხბურთზე ვისაუბრებთ, კლუბური ფეხბურთის დონემ უკვე იმ დონეს მიაღწია, ვგულისხმობ უეფას ჩემპიონთა ლიგას, რომ ინტერესით გაცილებით აღემატება ოლიმპიურ ტურნირს. ეს ფეხბურთელებსაც მყარად ჩაებეჭდათ თავში.

- შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ფეხბურთელები ფულმა გარყვნა?

- არც უმაგისობაა. ზოგჯერ ვფიქრობ - როგორ შეუძლიათ მშვიდად ძილი ასეთი ხელფასებით. თავის დროზე 250 რუბლს და 20-რუბლიან დანამატს ვიღებდი სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდების წყალობით. მე ხომ „დინამოს“ საზოგადოებაში ვიყავი და ყველას წოდება ჰქონდა. მე ვიყავი უფროსი ლეიტენანტი. როდესაც უწყებაში ხელს ვაწერდი, ჩემი გვარის გასწვრივ ეწერა - 314-ე სასროლი დივიზიის სნაიპერი. ეს კარგად მახსოვს.

- თქვენ საქართველოს ნაკრებთან თანამშრომლობდით და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ამ მომენტისთვის საუკეთესო შედეგს მიაღწიეთ, მაგრამ არასდროს გაგიწვრთნიათ კლუბი, მიუხედავად იმისა, რომ გთავაზობდნენ. რატომ?

- საბჭოთა კავშირის დროს არ მინდოდა ამ საქმის კეთება იმის გამო, რომ იყო ბიუროკრატია და ძალიან ბევრი სამუშაო საბუთებთან. 1987 წლის სეზონის მეორე წრეში ფაქტობრივად თბილისის „დინამოს“ მოთამაშე მწვრთნელი ვიყავი. ყოველი თამაშის შემდეგ მიწევდა ანგარიშების წერა და ბევრი სხვა საქმის კეთება, რომელსაც ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ეს უინტერესო იყო. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში კი - პრესის გამო. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში, თბილისში ინგლისის ნაკრებთან 0:2 დამარცხების შემდეგ ჩემზე მასმედიაში ისეთ რაღაცებს წერდნენ, ისეთ რეცენზიებს, რომლებიც ჩემთვის მიუღებელია.

პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს ცხადაძისა და შელიას შეცდომების გამო ვაგებდით. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი: „სტადიონი სავსეა - ჩვენს საყურებლად რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მოვიდა. აჩვენეთ შემტევი ფეხბურთი, გადადით მათ ნახევარზე. მესამე გოლიც რომ გაგვიტანონ - მთელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“. მაგრამ არ გამოვიდა. მეორე ტაიმში ინგლისელები ბურთს თავიანთ ნახევარზე აგორავებდნენ, ჩვენ კი - ჩვენს ნახევარზე. ბიჭებს უბრალოდ ოსტატობა არ ეყოთ. გამოდის, რომ მწვრთნელმა ვერ ჩაატარა სათანადო სამუშაო და ვერ იპოვა საჭირო სიტყვები თავისი გუნდისთვის. ამის შემდეგ პრესაში გაჩნდა ისეთი შეურაცხმყოფელი სტატიები, რომ მწვრთნელად მუშაობის ყოველგვარი სურვილი გამიქრა. „დინამოში“ სამუშაოდ რომ წავსულიყავი, ეს კი სავსებით რეალური იყო, ჩემგან, როგორც ჩივაძისგან, მუდმივად მოითხოვდნენ ევროპაში გამოსვლას. ეს კი ასე არ მუშაობს.

- შემოდგომაზე უეფას ერთა ლიგის ფინალი უნდა გაიმართოს, რომელშიც საქართველოს ნაკრები ბელარუსის ნაკრებს შეხვდება. როგორ აფასებთ ჩვენი გუნდის შანსს?

- ამ შეხვედრას მთელი საქართველო ელოდება. ვშიშობ, ფეხბურთელები არ გადაიწვნენ, რადგან შესანიშნავად ესმით, როგორი პასუხისმგებლობა აწევთ. პანდემიის გამო უკვე რამდენჯერმე გადაიდო მატჩი და ესეც შეიძლება ნეგატიურად აისახოს მოთამაშეებზე. მაგრამ, ჩემი აზრით, ბელარუსის ნაკრებს უნდა მოვუგოთ. ვერ ვიტყვი, რომელი გუნდი უფრო ძლიერია ამ მომენტში, მაგრამ თუ ჩვენი ნაკრების შემადგენლობას გადავხედავთ, შანსი გვაქვს. მთავარია, არ იყვნენ ტრავმირებულები.

ის, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში გაიმარჯვა და ნახევარფინალში მოხვდა - გიორგი ჩაკვეტაძის დამსახურებაა, რომელიც ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. ის პირველად ათიოდე წლის წინ ვნახე, მაშინაც საგრძნობლად გამოირჩეოდა თანატოლების ფონზე.

- საქართველო ყოველთვის შემტევ ფეხბურთს უწევდა აგიტაციას. ერთ-ერთ ინტერვიუში ხუმრობით ისიც თქვით, რომ შემტევი მცველი იყავით. მაშ რატომაა თავდამსხმელების ასეთი დეფიციტი გუნდში? გვყავს ძალიან ბევრი შემტევი ნახევარმცველი - ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, გვილია, კვარაცხელია, ოქრიაშვილი, თავდამსხმელები კი - პრობლემაა.

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. რატომ არ იბადება ახალი მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, რამაზ შენგელია? ალბათ ოდესმე გამოჩნდებიან. საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი იყო. ფეხბურთელები მუდმივად ვარჯიშობდნენ მაღალპროფესიონალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით და იზრდებოდნენ.

ალბათ ჩვენს ფეხბურთელებს, თუ საუბარია თავდამსხმელებზე, არ ჰყოფნით ნიჭი და შრომისუნარიანობა. ამის გარეშე შორს ვერ წავალთ. საჭიროა, თავი მიუძღვნა ფეხბურთს, მაშინ წარმატების მიღწევის შანსიც გაჩნდება.

- სხვათა შორის, წარმატებას რაც შეეხება - საქართველოს ნაკრები მზადაა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის? თუ ტურნირზე მოხვდება, მეტისმეტად ხომ არ დაჩრდილავენ სხვა გუნდები?

- არა მგონია, რაღაცით ხომ უნდა დაიწყო. თუ საქართველოს ნაკრები ევროს ფინალურ ნაწილში გავა, ეს მიღწევა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი ბიჭი მოისურვებს ფეხბურთის თამაშს და, ვინ იცის, იქნებ ეს ჩვენი ფეხბურთის მომავალი წარმატების საწინდარიც გახდეს.

35
თემები:
ოლიმპიადა 1980
ლევან გორგოძე

გამარჯვება ტოკიოში: ტოშინოჩინმა ივლისის ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულა

113
არგი დადებითი ბალანსის გათვალისწინებით, ტოშინოჩინი დიდი ალბათობით შეძლებს საკუთარი პოზიციების გაუმჯობესებას სუმოს იერარქიაში

თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოშინოჩინის სახელითაა ცნობილი, ივლისის ბაშო ტოკიოში გამარჯვებით დაასრულა.

ტურნირის დასკვნით დღეს ქართველმა სპორტსმენმა 10 თეთრი ბურთულა დაიმსახურა ყველაზე ახალგაზრდა სეკიტორისთან, 20 წლის კოტოსიოჰოსთან შეხვედრაში.

ამ გამარჯვების წყალობით, ტოშინოჩინმა ივლისის ბაში 10-5 დადებითი ბალანსით დასრულა.

აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძემ ტურნირი დასავლეთის 11 მაეგასირის რანგში დაიწყო. კარგი დადებითი ბალანსის გათვალისწინებით, ტოშინოჩინი დიდი ალბათობით შეძლებს საკუთარი პოზიციების გაუმჯობესებას სუმოს იერარქიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რეიტინგი 31 აგვისტოს გამოქვეყნდება.

რაც შეეხება ივლისის ბაშოს, მისი გამარჯვებული აღმოსავლეთის 17 მაეგასირა ტერუნოფოძი გახდა. მონღომა სუმოისტმა თავის კარიერაში მეორედ გაიმარჯვა იმპერატორის თასისთვის ბრძოლაში.

113
თემები:
სპორტის ამბები (753)
ილია ფილფანი

საქართველოში მესამე კვირაა 13 წლის მოზარდს ეძებენ

0
(განახლებულია 15:16 03.08.2020)
ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ იგი არავის უნახავს.

თბილისი, 3 აგვისტო  — Sputnik.  საქართველოში მესამე კვირაა ეძებენ სვანეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს, სამძებრო ოპერაციაში მაშველები და პოლიციაა ჩართული,  განაცხადა  „Sputnik საქართველოსთან“ ბიჭის დედამ ქსენია ფილფანმა.  

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა. 

მოზარდი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ იგი არავის უნახავს. ბიჭის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19 ივლისს შევიდა. ბოლოს ილია სოფელ ლენჯერში ნახეს. 

„გარკვეული ადგილები ხელახლა მოწმდება, მაშველების ახალი ჯგუფები ჩამოდიან, თავიდან სწავლობენ ტერიტორიას. მუშაობენ მდინარეზე, წყალსაცავზე, ზუგდიდის მხარეს ტრასაზე. ძებნის არეალი საკმაოდ დიდია“, – განაცხადა ქსენიამ.

მისი თქმით, სამძებრო ოპერაციაში აქტიურად არის ჩართული პოლიცია.

 „პოლიცია მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბათუმის, ქობულეთისა და ურეკის ზონებს, და რა თქმა უნდა, თბილისს. დედაქალაქში, მერიის მხარდაჭერით, მეტროში საკუთარი ძალებით განცხადებები გავაკარით. შეტყობინებები მოდის, ადამიანები ხედავენ მსგავს ბავშვებს, მაგრამ იმის დადასტურება, რომ იგი ილიაა, ჯერჯერობით არ გვაქვს“, – განაცხადა ფილფანმა.

პოლიცია მოქალაქეებიდან შესულ ყველა შეტყობინებას ამოწმებს, მაგრამ ბიჭის კვალზე გასვლა ვერ ხერხდება.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში