მორაგბეების ვარჯიში

საქართველოს რაგბის ნაკრები თურქეთში წვრთნების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

32
(განახლებულია 18:26 12.08.2019)
იაპონიაში გამგზავრების წინ საქართველოს ნაკრები თბილისში ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს - სამხრეთ აფრიკის კლუბთან და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე შოტლანდიასთან

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. რაგბის ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა თურქეთის ქალაქ ბელექიდან, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების მეორე ეტაპი გაიარა. ჩემპიონატი იაპონიაში სექტემბერში გაიმართება.

მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, მოთამაშეები 20 აგვისტომდე დაისვენებენ, შემდეგ კი მომზადების პროცესის მესამე ეტაპი დაიწყება. ამ პერიოდში მილტონ ჰეიგის გუნდი თბილისში ორ ტესტ-მატჩს გამართავს. 27 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველი მორაგბეები სამხრეთაფრიკულ კლუბ „საუთერნ კინგზს" დაუპირისპირდებიან, ხოლო ოთხი დღის შემდეგ „დინამო არენაზე" - შოტლანდიის ნაკრებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართული რაგბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე ექვსი ერის შემადგენლობაში მყოფ გუნდს მიიღებს. კიდევ ერთ ტესტ-მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ ქართული ნაკრები გასვლით თამაშში 6 სექტემბერს გამართავს.

საქართველოს რაგბის ნაკრები ზედიზედ მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო პირველობაში. ჩვენი მორაგბეები D-ჯგუფში ითამაშებენ ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის გუნდებთან.

მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბრამდე გასტანს.

32
თემები:
სპორტის ამბები (307)