საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ ევროპა ლიგაში ახალი სენსაცია მოხდინა

© Sputnik / Aram Nersesyanფეხბურთი. ევროპა ლიგა. „საბურთალო“ - „არარატ-არმენია“
ფეხბურთი. ევროპა ლიგა. „საბურთალო“ - „არარატ-არმენია“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპასუხო თამაში 14 აგვისტოს თბილისში გაიმართება

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში გასვლაზე ერევნის „არარატ-არმენიას“ 2:1 მოუგო და პლეი-ოფში გასვლის სერიოზული განაცხადი გააკეთა.

მასპინძელი დაწინაურდა 31-ე წუთზე, ანტონ კობიალკოს ზუსტი დარტყმის შემდეგ. ვერ იტყვი, რომ „არარატ-არმენია“ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. მეტოქეებმა საკმაოდ თანაბარი თამაში აჩვენეს.

შესვენების შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა თამაშის გარდატეხა შეძლეს. „საბურთალომ“ კვლავ აჩვენა კაშკაშა და შემტევი ფეხბურთი, რომელმაც თავისი ნაყოფი ტაიმის მეორე ნახევარში გამოიღო. სანდრო ალთუნაშვილმა 72-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ოთხი წუთის შემდეგ სტუმრები ლევან ყენიამ დააწინაურა.

ARARAT ARMENIA VS SABURTALO - Sputnik საქართველო
„არარატ-არმენია“ და „საბურთალო“: სად ვუყუროთ ფეხბურთის მატჩს

ყველა მცდელობის მიუხედავად, ერევნის კლუბმა ომარ მიგენეიშვილის კარის აღება ვერ შეძლო და დარჩენილ დროში 1:2 წააგო.

საპასუხო შეხვედრა თბილისში 14 აგვისტოს მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება. დასაწყისი - 20:00 საათზე.

„საბურთალო“ – „არარატ-არმენიას“ წყვილის გამარჯვებული პლეი-ოფში შეხვდება „დუდელანჟი“ (ლუქსემბურგი) – „კალიუ“ (ესტონეთი) წყვილის გამარჯვებულს.

„საბურთალო“ - საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. თავისი სადებიუტო ევროპული კამპანია თბილისურმა კლუბმა პირველი უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდით დაიწყო, სადაც ორი მატჩის ჯამით ტირასპოლის „შერიფს“ 4:3 მოუგო. მეორე რაუნდში ჭიაბრიშვილის გუნდი ხვდებოდა ზაგრების „დინამოს“, ორივე შეხვედრა წააგო - თბილისში 0:2, გასვლაზე 0:3 და ასპარეზობა უეფას ევროპა ლიგაში გააგრძელებს.

კიდევ ერთი ქართული კლუბი - თბილისის „დინამო“, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში როტერდამის „ფეიენოორდს“ შეხვდება. პირველი თამაში 8 აგვისტოს ჰოლანდიაში შედგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0