თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ბუდაპეშტის გრან-პრის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) ავიდნენ.
ღვინიაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ყაზახეთის წარმომადგენელ ისლამ ბოზბაევს სძლია, ზაალიშვილმა კი უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბაევს აჯობა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ბუდაპეშტის ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს. პირველ დღეს გრან-პრის ჩემპიონი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბუდაპეშტის გრან-პრის გამარჯვებული ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადაშვილი გახდა.
გრან-პრის სერიის მომდევნო ტურნირი ზაგრებში 26-28 ივლისს გაიმართება. სწორედ იქ ჩამოყალიბდება საბოლოოდ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც აგვისტოს ბოლოს ტოკიოში გაიმართება.