თბილისის „საბურთალო“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში სენსაციის ავტორი გახდა

© AFP 2024 / Fabrice COFFRINI უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი
უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატჩის წინ სპეციალისტები უპირატესობას მოლდოვის კლუბს ანიჭებდნენ, მაგრამ ქართველებმა ყველა გააოცეს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ფეხბურთში, თბილისის „საბურთალო“ ნადვილი სენსაციის ავტორი გახდა – უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში გუნდმა გასვლაზე მოლდოვის „შერიფი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მატჩის წინ სპეციალისტები უპირატესობას ტირასპოლის კლუბს ანიჭებდნენ, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა დაამტკიცეს, რომ პროგნოზები ყოველთვის არ მართლდება.

ბუბა დაუშვილი - Sputnik საქართველო
კვიპროსის „ანორთოსისში" ქართველ ფეხბურთელთა მინი-ნაკრები იკრიბება

სტუმრის სტატუსის მიუხედავად, „საბურთალომ“ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და საკუთარი უპირატესობის რეალიზაციისათვის ქართულ კლუბს ნახევარი საათი დასჭირდა. მონტენეგროელმა თავდამსხმელმა ოგნენ როლოვიჩმა მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო და მარცხენა ძელთან დაბალი ზუსტი დარტყმა განახორციელა.

პირველი ტაიმის დარჩენილ 15 წუთში ქართველებს სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ, მაგრამ უპირატესობა მათკენ იყო და ბურთს დამაჯერებლად აკონტროლებდნენ. შესვენებაზე გუნდები გავიდნენ ანგარიშით 1:0 „საბურთალოს“ სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის დასაწყისში „შერიფმა“ შეტევა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ზოგჯერ მათ მოქმედებას სიზუსტე აკლდა, ზოგჯერ შესანიშნავად მოქმედებდა „საბურთალოს“ დაცვა.

მეორე ტაიმის შუა ნაწილში სტუმრებმა თამაში გაათანაბრეს, ხოლო 67-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ საჯარიმოს გარედან მარჯვენა ზედა კუთხეში ზუსტად დაარტყა. ზვონიმირ მიკულიჩს ამ ბურთის აღების არც ერთი შანსი არ ჰქონდა.

„შერიფის“ ფეხბურთელებს მომხდარი მონელებული არც ჰქონდათ, როდესაც მათ კარში მესამე ბურთი აღმოჩნდა. მისი ავტორი გახდა ლევან კაკუბავა, რომელმაც კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ კოხრეიძის გადაცემა დაასრულა.

მესამე გატანილი გოლის შემდეგ თამაში მშვიდად წარიმართა. დარჩენილ დროში „საბურთალო“ აკონტროლებდა სიტუაციას მინდორზე და მატჩი ანგარიშით 3:0 დასრულდა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი თბილისში 16 ივლისს შედგება. თუმცა, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაპირისპირების ბედი გადაწყვეტილია და „საბურთალომ“ ევროთასებში თავის სადებიუტო სეზონზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა გაინაღდა.

ყველა ახალი ამბავი
0