მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი

ქართველმა მთამსვლელებმა ნანგა-პარბატი პირველად დალაშქრეს

45
(განახლებულია 21:56 09.07.2019)
პაკისტანში მდებარე მწვერვალის სიმაღლე 8 126 მეტრია და ტექნიკურად რთული და თოვლიანი ფერდებით გამოირჩევა.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ქართველმა მთამსვლელებმა მსოფლიოს მეცხრე მწვერვალი პირველად დალაშქრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველი მთამსვლელები არიან, რომლებმაც ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი ნანგა-პარბატი დალაშქრეს.

პაკისტანში მდებარე მწვერვალის სიმაღლე 8 126 მეტრია და ტექნიკურად რთული და თოვლიანი ფერდებით გამოირჩევა. დიდი ოდენობით მოსულმა თოვლმა მთაზე გადაადგილება კიდევ უფრო გაართულა. არსებული სირთულეების მიუხედავად, ექსპედიციამ და, მათ შორის, ქართველმა მთამსვლელებმა მწვერვალის დაპყრობა მაინც მოახერხეს.

ისინი უკვე სამშობლოში დაბრუნდნენ.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვართ პირველი ქართველები, რომლებმაც ნანგა-პარბატი დავლაშქრეთ. ეს სიმაღლით მსოფლიოში მეცხრე მწვერვალია, რომელიც ძალიან რთული დასაპყრობია. ექსპედიციაში მონაწილეობაში საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია დაგვეხმარა და მათ მადლობა უნდა გადავუხადო“, – განაცხადა გიორგი ტეფნაძემ.

არჩილ ბადრიაშვილი ამაყობს, რომ ის და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველები არიან, ვინც ამ უდიდეს მთაზე ფეხი დადგეს.

„ნანგა-პარბატზე ექსპედიციები ხშირად არ ტარდება და თოკების დაკიდება და ბილიკების თავიდან გაკვალვა დაგვჭირდა. ეს ექსპედიციაში ყველაზე რთული სამუშაოა, რომელსაც ქართველები ვასრულებდით. ამინდიც ხელსაყრელი არ იყო, მაგრამ ამ სირთულეების გადალახვა მწვერვალის დაპყრობის სიხარულს უფრო აძლიერებს“, – აღნიშნა არჩილ ბადრიაშვილმა.

ქართველი მთამსვლელები ჰიმალაიზე ექსპედიციაში გაემგზავრნენ >>

ნანგა-პარბატი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მწვერვალია. ცნობილია, როგორც ალპინისტების სიკვდილიანობის მაჩვენებლით მესამე მწვერვალი.

45