„უიმბლდონის“ ცენტრალური კორტი

ბასილაშვილმა „უიმბლდონზე“ ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

60
მომდევნო წრეში ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ სპორტსმენს დაუპირისპირდება

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით მე-16 ნომერი) გამარჯვებით დაიწყო ასპარეზობა „უიმბლდონზე“ – მიმდინარე სეზონის „დიდი სლემის“ სერიის მესამე ტურნირზე.

პირველ რაუნდში ქართველმა ჩოგბურთელმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ჯეიმს უორდს (195) შეხვდა და ხუთ სეტში მოიგო -  2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6. მატჩი სამსაათნახევარს გაგრძელდა.

პირველ ორ პარტიაში ბასილაშვილი ვერ პოულობდა საჭირო ტემპსა და რითმს, შედეგად მან ბევრი არაიძულებითი შეცდომა დაუშვა და ჩაწოდებაზე სუსტად ითამაშა. ამ დროში უორდმა სამი ბრეიკ-პოინტი გააკეთა და მეტოქეს თავისი ჩაწოდების აღების საშუალება არცერთხელ არ მისცა.

ასეთი ჩავარდნის შემდეგ ყველას ეგონა, რომ ბასილაშვილი ამ სეზონზეც ბალახზე წარუმატებელი გამოსვლების სერიას გააგრძელებდა. „უიმბლდონამდე“ ქართველ სპორტსმენს მონაწილეობა მიღებული აქვს ორ ტურნირზე და ის ორივეჯერ პირველივე წრეში დამარცხდა.

წარუმატებლად დაიწყო ჩვენი ჩოგბურთელისთვის მესამე ტურიც, რომელშიც ბასილაშვილმა მაშინვე დათმო ჩაწოდება. მაგრამ, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, კალაპოტიდან არ ამოვარდა. ბასილაშვილმა საკმაოდ სწრაფად გააკეთა უკუბრეიკი, და 5:4 ანგარიშის პირობებში (თავის სასარგებლოდ) მეორედ მოიგო ბრიტანელს ჩაწოდება და მესამე სეტიც.

მეოთხე პარტიაში ბასილაშვილმა ძლიერი თამაში განაგრძო. კარგად გამოსდიოდა პირველი ჩაწოდება, ხოლო მოგებული ბურთების პროცენტმა შეადგინა 88 (ოპონენტს - 67). ერთი ბრეიკი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მატჩი გადამწყვეტ მეხუთე სეტში გადაეყვანა.

დასკვნით პარტიაში საკმაოდ თანაბარი თამაში წარიმართა, მაგრამ ბასილაშვილი უკეთ გამოიყურებოდა. ჯამში ეს იყო ძალიან რთული და დამქანცველი გამარჯვება, რომელმაც ქართველს „უიმბლდონზე“ შარშანდელი მიღწევის გაუმჯობესების შესაძლებლობა მისცა. მაშინ ჩვენმა ჩოგბურთელმა ასპარეზობა პირველ რაუნდში დაასრულა.

ტურნირის მეორე წრეში ბასილაშვილი შეხვდება კიდევ ერთ ბრიტანელს - დანიელ ევანსს (61), რომელმაც სამ სეტში იოლად მოუგო არგენტინელ ფედერიკო დელბონისს (75) - 6:3, 7:6, 6:3.

„უიმბლდონის“ ტურნირი 14 ივლისამდე გასტანს. მისი საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 18 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

60
თემები:
სპორტის ამბები (298)