თემურ ქეცბაია „ანორთოსისს“ უბრუნდება

გამოწერა
„ანორთოსისი“ ქეცბაიას ხელმძღვანელობის პერიოდში კვიპროსის ორგზის  ჩემპიონი გახდა და თითოჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასიც მოიგო.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კლუბ „ანორთოსისს“ ჩაუდგება სათავეში, ნათქვამია კვიპროსის კლუბის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველ სპეციალისტსა და „ანორთოსისს“ შორის შეთანხმების ვადა ორ წელზეა გათვლილი. კონტრაქტის ფინანსური მხარე არ საჯაროვდება. ქეცბაია უფლებამოსილების აღსრულებას მიმდინარე წლის 1 ივნისიდან შეუდგება.

„ამ მოვლენას ელოდა „ანორთოსისის“ ათეულობით გულშემატკივარი – ქეცბაია სახლში ბრუნდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქმე ისაა, რომ ქეცბაიას, როგორც ფეხბურთელისა და მწვრთნელის კარიერა მჭიდროდაა დაკავშირებული „ანორთოსისთან“. ქართველი ნახევარმცველი კვიპროსულ კლუბში ჯერ 1992–1994 წლებში, შემდეგ კი 2002–2007 წლებში გამოდიოდა. მთლიანობაში ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის სახელით 175 მატჩი გამართა და 75 გოლი გაიტანა. 

თემურ ქეცბაია - Sputnik საქართველო
ქეცბაიამ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა

პროფესიონალური ფეხბურთელის კარიერის დასასრულს ქეცბაია კლუბში დარჩა და მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა – 2007 წლიდან 2009 წლამდე. მისი ხელმძღვანელობით „ანორთოსისი“ გახდა კვიპროსის პირველი გუნდი, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა (2008/2009).

გარდა ამისა, კლუბი ორჯერ გახდა კვიპროსის ჩემპიონი და თითოჯერ მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი.

ქართველი მწვრთნელის ბოლო სამუშაო ადგილი რუსული კლუბი „ორენბურგი“ იყო. თუმცა, თანამშრომლობა ამ შემთხვევაში დიდხანს არ გაგრძელებულა – 2017 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით.

2009–2014 წლებში ქეცბაია საქართველოს ნაკრებს ედგა სათავეში.

ყველა ახალი ამბავი
0