მსოფლიო მარათონი Wings for Life World Run

კახეთში საერთაშორისო მარათონი გაიმართება: რას მოხმარდება შემოსული თანხა

102
(განახლებულია 12:51 04.05.2019)
მარათონზე შეკრებილი თანხა, ტრადიციისამებრ, ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მარათონი „მსოფლიო რბენა“ მიმდინარე წლის 5 მაისს გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მარათონი კახეთში ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით გაიმართება.

მარათონი დილის 10:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გასტანს.

გავრცელებული ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში  თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის შეიზღუდება.

ასევე, შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე.

სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის დამაკავშირებელ შიდა საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე.

 მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოში კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით ტარდება.

მარათონში მონაწილეობის მიღება 18 წლის ზემოდ ასაკის ყველა მსურველს შეუძლია. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ, მონაწილეობა ფასიანია — 30 ლარი. მარათონზე შეკრებილი თანხა, ტრადიციისამებრ, ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება.

მსოფლიო საქველმოქმედო გარბენის  უნიკალურობა იმაშია, რომ მასში არ არის არც ფინიშის ხაზი, არც დროითი შეზღუდვები. არსებობს მხოლოდ ერთი წესი — მორბენალს არ უნდა დაეწიოს სპეციალური „ფინიშ-მანქანა“, რომელიც დისტანციაზე სტარტის გამოცხადებიდან 30 წუთში გავა და საათში 15-25 კილომეტრი სიჩქარით იმოძრავებს. მორბენლებს, რომლებსაც „ფინიშ-მანქანა“ დაეწევა, სტარტამდე სპეციალური ავტობუსი დააბრუნებს.

102
თემები:
სპორტის ამბები (300)