ნიკოლოზ ბასილაშვილი

რამ განაპირობა ნიკოლოზ ბასილაშვილის АТР-ს რეიტინგში ჩამოქვეითება

116
მიმდინარე კვირაში ბასილაშვილი ბუდაპეშტში დაგეგმილ ტურნირზე იასპარეზებს.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР-ს განახლებულ რეიტინგში მე-17 ადგილიდან მე-18 ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველი ჩოგბურთელის მხრიდან ერთი პოზიციის დაკარგვა ორ ფაქტორთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, ბასილაშვილი მონტე-კარლოში „მასტერსის" სერიის ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა და ვერ შეძლო საკმარისი სარეიტინგო ქულების (სულ 10) მოპოვება. მეორე მხრივ კი ამ ტურნირის გამარჯვებულმა, იტალიელმა სპორტსმენმა ფაბიო ფონინიმ მოპოვებული წარმატების წყალობით АТР-ს განახლებულ რეიტინგში მე-18 ადგილიდან მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.

АТР-ს რეიტინგის ლიდერი კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია. შემდეგ მოდიან რაფაელ ნადალი და ალექსანდრ ზვერევი გერმანიიდან.

შემდეგი ტურნირი, რომელშიც ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას, გახდება Hungarian Open, რომელიც უნგრეთის დედაქალაქში 22-28 აპრილის პერიოდში გაიმართება. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მეოთხე ნომრადაა განთესილი და ბრძოლაში მეორე წრიდან ჩაერთვება. მისი მოწინააღმდეგე პეტერ გოიოვჩიკის (გერმანია, 85) და ლოიდ ჰარისის (სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკა, 90) შეხვედრის გამარჯვებული იქნება.

Hungarian Open-ის საპრიზო ფონდი 586 ათასი ევროა, მოქმედი გამარჯვებული კი იტალიელი მარკო ჩეკიტანოა.

116
თემები:
სპორტის ამბები (453)