ჩემპიონატი ჭადრაკში

ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა ევროპის ჩემპიონატი დამაჯერებლად დაიწყეს

68
მოჭადრაკეებს 12 დღის განმავლობაში 10-10 პარტიის თამაში მოუწევთ.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა ანტალიაში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის პირველ დღეს სამი გამარჯვება მოიპოვეს.

ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა შავი ფიგურებით, შესაბამისად, ბეთულ ჩემრე (თურქეთი) და ვიქტორია ჩერნიაკი (რუსეთი) დაამარცხეს. ბელა ხოტენაშვილმა კი თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელი ზეინაბ მამეჯაროვა დაამარცხა.

ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით კიდევ ოთხი პარტია ყაიმით დასრულდა. აღსანიშნავია მირანდა მიქაძის მიღწევა. იგი არ შედის მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეების ასეულში და, მიუხედავად ამისა, შეძლო პარტია ყაიმით დაესრულებინა რუს ოლგა გირიასთან, რომელსაც ფიდეს რეიტინგში 23-ე პოზიცია უკავია.

ქართველ სპორტსმენებს შორის ერთადერთი მარცხი ეკატერინე ფიფიამ განიცადა, რომელმაც გამარჯვება გერმანელ მელანი ლიუბეს დაუთმო.

ნანა ძაგნიძე ქალთა შორის 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეა>>>

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ნანა ძაგნიძე ესპანეთის წარმომადგენელ გაბრინა გუტიერესს შეხვდება, ნინო ბაციაშვილი ანა სარგსიანს (სომხეთი) დაუპირისპირდება, ხოლო ბელა ხოტენაშვილი – ბელარუსელ ოლგა ბადელკას.

ქალთა შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში 23 აპრილამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებული 10 ათას ევროს მიიღებს. ჩემპიონატის შედეგებით საუკეთესო 14 მოჭადრაკე ფიდეს მსოფლიო თასზე საგზურებს მიიღებს.

 

68
თემები:
სპორტის ამბები (69)