საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასით

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი ევროპის ერთა თასში დაამარცხა

227
(განახლებულია 19:53 17.03.2019)
მოტივაციის არარსებობის მიუხედავად ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა რუსეთის ნაკრებს კრასნოდარში ევროპის ერთა თასის დასკვნით მატჩში ანგარიშით 22:6 მოუგო.

მილტონ ჰეიგის შეგირდებისათვის რუსეთთან შეხვედრას არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონია - კრასნოდარში საქართველოს ნაკრები უკვე ევროპის ერთა თასის სეზონის გამარჯვებულის რანგში ჩავიდა. მაგრამ „ჯვაროსნები“ მთელი პასუხისმგებლობით მიუდგნენ მატჩს და საკმაოდ დამაჯერებლად მოუგეს მეტოქეს.

შეხვედრის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრები სოსო მათიაშვილის საჯარიმოს შემდეგ დაწინაურდა. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ შემდეგ „ჯვაროსნებს“ ტექნიკური ლელო ჩაუთვალეს და შესვენებაზე გუნდები 10:3 ანგარიშით ქართველების სასარგებლოდ გავიდნენ.

მეორე ტაიმი დაიწყო სტუმრების შეტევებით, ერთ-ერთი გიორგი ცუცქირიძის წარმატებული ლელოთი დასრულდა. მათიაშვილმა გარდასახვა ვერ შეასრულა და ანგარიში 15:3 გახდა.

წარმატებული საჯარიმოს შემდეგ „დათვებმა“ სხვაობა ცხრა ქულამდე შეამცირეს, თუმცა ბოლო სიტყვა მატჩში ქართველებს დარჩათ. ტაბლოზე აინთო მირიან მოდებაძის გვარი, ხოლო შეცვლაზე გამოსულმა ლაშა მალაღურაძემ ზუსტად შეასრულა გარდასახვა და მატჩის საბოლოო ანგარიში 22:6 გახდა.

მატჩის დასრულებისთანავე საქართველოს ნაკრებს ევროპის ერთა თასი გადასცეს, რომელიც „ჯვაროსნებმა“ უკვე მეთერთმეტედ მოიგეს.

227
თემები:
სპორტის ამბები (30)