ქართველი ჩოგბურთელი Australian Open-ის მესამე წრეში გავიდა

© photo: Nikoloz Basilashvili / FB ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა შარშანდელი მიღწევა გაიმეორა და Australian Open-ის მესამე რაუნდში გავიდა.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის მამაკაცთა ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგში მე-20 ნომერი) „დიდი სლემის“ სერიიდან Australian Open-ის ტურნირის მესამე წრეში გავიდა.

შეუპოვარ და დაძაბულ მატჩში, რომელიც თითქმის სამ საათს გაგრძელდა, ბასილაშვილმა ხუთ სეტში იტალიელ სტეფანო ტრავალიას (137-ე) სძლია – 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3. მატჩი რომ რთული იყო, ამაზე თუნდაც ეს შედეგი მეტყველებს.

ტურნირის 1/16 ფინალში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა გამოიმუშავა 90 სარეიტინგო ქულა და დაახლოებით 105 ათასი დოლარი საპრიზო თანხა. მესამე წრეში გასვლით ქართველმა სპორტსმენმა Australian Open-ში შარშანდელი მიღწევა გაიმეორა.

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე მელბურნის კორტებზე 20 წლის ბერძენი სტეფანოს ციციპასი (15-ე) გახდება.

Australian Open 27 იანვრამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 30 მილიონ აშშ დოლარზე ოდნავ ნაკლებია. მოქმედი გამარჯვებული შვეიცარიელი როჯერ ფედერერია.

ყველა ახალი ამბავი
0