ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა Australian Open-ზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

90
(განახლებულია 14:54 14.01.2019)
ბასილაშვილის შემდეგი მოწინააღმდეგე მსოფლიოს 137-ე ჩოგანი იქნება

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგში მე-20 ადგილი) Australian Open-ის „დიდი სლემის" სერიის მეორე წრეში გავიდა, რომელიც მელბურნში ტარდება.

პირველ რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ კრისტოფერ იუბენკსს (170-ე) დაუპირისპირდა და გაიმარჯვა ოთხ სეტში - 6:4, 4:6, 7:6, 6:3. მატჩი 2 საათი და 42 წუთი მიმდინარეობდა.

მიუხედავად ბასილაშვილის დამაჯერებელი გამარჯვებისა, მატჩი ორმხრივი შეცდომების სიუხვით გამოირჩეოდა. ქართველმა მოწინააღმდეგის ჩაწოდების აღება ექვსჯერ შეძლო, თუმცა, საკუთარ ჩაწოდებაზე ხუთჯერ წააგო.

Australian Open-ის მეორე რაუნდში გასვლის წყალობით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და 90 ათას დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

შემდეგ რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ სტეფანო ტრავალიას (137-ე) დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ წრეში არგენტინელი გვიდო ანდრეოცი ოთხ სეტში დაამარცხა.

Australian Open 27 იანვრამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 30 მილიონამდე დოლარს შეადგენს. მოქმედი გამარჯვებული შვეიცარიელი როჯერ ფედერერია, ქალთა შორის კი დანიის წარმომადგენელი კაროლინ ვოზნიაცკი.

 

90
თემები:
სპორტი და საქართველო (533)