ვაისის ვერშემდგარი ანდორული ექსპერიმენტი და „ბარსას“ სკაუტები „ესტადიო ნასიონალზე“

© Sputnik / STRINGERსაქართველოს და ანდორას ნაკრები
საქართველოს და ანდორას ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ანდორაში შეწყვიტა მოგებების სერია, ვერც კარი შეინახა მშრალად და ვერც ვაისის მორიგმა ექსპერიმენტმა გაამართლა.

მატჩის წინ

უეფას ევროპა ლიგის გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩვენ ჯგუფში ყველაფერი უკვე გარკვეულია, ანუ პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილია და აღარაფერი შეიცვლება. მიუხედავად ამისა, მოუთმენლად ველოდები ანდორის ნაკრებთან შეხვედრის დაწყებას, რადგან ბევრ კითხვაზე მაინტერესებს პასუხი. მიმართავს თუ არა მორიგ ექსპერიმენტს ჩვენი გუნდის მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რამდენიმე ცვლილებაზე ისაუბრა, კერძოდ, არ გამორიცხა ძირითადში არაბულისა და ჭანტურიშვილის გამოჩენა. შევძლებთ თუ არა მოგებათა სერიის გაგრძელებას და, რაც მთავარია, როგორ ითამაშებს ჩვენი ახალგაზრდა ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე; საქმე ისაა, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან „ბარსელონას“ სკაუტები, რომლებიც, თურმე, კარგა ხანია აკვირდებიან გიორგის. შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება, პირველ შთაბეჭდილებებს შესვენებისას მოგახსენებთ...

© Sputnik / STRINGERმატჩის დაწყების წინ
ვაისის ვერშემდგარი ანდორული ექსპერიმენტი და „ბარსას“ სკაუტები „ესტადიო ნასიონალზე“ - Sputnik საქართველო
მატჩის დაწყების წინ

პირველი ტაიმის შემდეგ

შემადგენლობასთან დაკავშირებით მოლოდინი თითქმის გამართლდა. წინა შეხვედრის მერე ორი ცვლილებაა – ბაჩანა არაბული ძირითადშია, ჭანტურიშვილი არა, მაგრამ დაცვის ცენტრში ხოჭოლავას ჯიმი ტაბიძე შეუწყვილდა. არ გამოდგება ანდორის ფეხბურთელთა ნაკრები იმის გასაგებად, რა დონეზეა ამჟამად ჩვენი გუნდი, მაგრამ რაღაც დასკვნების გაკეთება შეიძლება. თვალშისაცემია, რომ ჩვენები საკმაოდ სწრაფ ტემპში ცდილობენ თამაშს, ბურთს არ აჩერებენ, პრაქტიკულად ერთი შეხებით ათამაშებენ და სწორედ ასეთ კომბინაციას მეცხრე წუთზე გოლიც მოჰყვა. კაკაბაძემ ცენტრში ჩააწოდა, აქ ყველას გიორგი ჩაკვეტაძემ დაასწრო და 1:0. საერთოდაც ეს ორი ფეხბურთელი ყველაზე აქტიური გახლდათ. გატანა არაბულსაც შეეძლო, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა. ჩვენების უპირატესობა საგრძნობია, დაცვა საიმედოა, თუმცა ტაბიძე რამდენჯერმე არასაჭიროდ დაჯარიმდა.

ფიქრები თამაშის შემდეგ

კარი მშრალად ვერ შევინახეთ და ეს ნახევრად ლორიას ბრალია და მეტწილად ანდორელი მარტინესის, რომელსაც ძალიან ლამაზი გოლი გამოუვიდა. დიახ, აშკარად „გამოუვიდა“, რადგან გონივრული ეჭვი მაქვს, ასჯერ რომ სცადოს, იმავეს ვეღარ გაიმეორებს. საერთოდაც მეორე ტაიმი შედარებით განსხვავებული გამოდგა. უპირატესობა, ბურთი ჩვენ გვქონდა, მაგრამ თამაშში არ იგრძნობოდა ფანტაზია, ვუტევდით სწორხაზოვნად, აშკარად იგრძნობოდა უმოტივაციობა. ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეცვლებს, როგორც წესი, გვიან მიმართავს და ამაზე არაერთხელ დაიწერა. ამჯერადაც 77-ე წუთამდე დაიცადა და მხოლოდ მაშინ გამოიყვანა ჭანტურიშვილი და კაჭარავა. ვერ გეტყვით რას ემსახურებოდა ეს ორმაგი ცვლილება, მაგრამ ფაქტია, რომ საერთო სურათი არ შეცვლილა. ვერც 88-ე (!) წუთზე ზარანდიას გამოსვლის აზრს მივხვდი, თუმცა ლუკამ ამ მცირე დროშიც იაქტიურა და კინაღამ პენალტიც დაიმსახურა.

© Sputnik / STRINGERსაქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი
ვაისის ვერშემდგარი ანდორული ექსპერიმენტი და „ბარსას“ სკაუტები „ესტადიო ნასიონალზე“ - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი

მოკლედ, ვაისის ექსპერიმენტმა ამჯერად ვერ გაამართლა, ვერც შემადგენლობა გამოიცნო და ვერც შეცვლები. თუმცა ამისგან ტრაგედიას ნუ შევქმნით. მართალია, მოგებათა სერია შევწყვიტეთ, გოლიც გავუშვით, მაგრამ ნაკრების უახლოესი რეზერვის შემოწმებისთვის უკეთეს დროს ვერც ინატრებდი. ახლა ყაზახეთთან შინაური მატჩი დაგვრჩა და აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ჯერ ერთი, რეიტინგის გასაუმჯობესებლად, მეორეც – ნახევარფინალს თბილისში რომ ვუმასპინძლოთ.

კატალონიელ სკაუტებს რაც შეეხება, ტყუილად არ შეწუხებულან – ჩაკვეტაძემ გოლი ხომ გაიტანა და ყველაზე აქტიურიც იყო, საჭირო დროს დაცვაშიც ჩამოდიოდა და ბურთსაც ანაწილებდა. მოკლედ, საფიქრალს ნამდვილად გაუჩენდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0