ჩემპიონატი ჭადრაკში

ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას მხოლოდ ერთი ქართველი მოჭადრაკე ქალი განაგრძობს

74
(განახლებულია 15:09 08.11.2018)
მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა შორის საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი დარჩა, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დღეს ინდოელ მეტოქეს ტაი-ბრეიკში დაუპირისპირდება.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ორმა ქართველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა ქალთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურის ბარიერი ვერ გადალახა. ჩემპიონატი ამ დღეებში ხანტი-მანსიისკში (რუსეთი) მიმდინარეობს.

ქართული გუნდის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ, რომელსაც ფიდეს რეიტინგში მეცხრე ადგილი უკავია, 0,5:1,5 წააგო ჩინელ ლეი ტინზესთან.

ასევე ჩინეთის წარმომადგენელთან დათმო პარტია ბაციაშვილმა. მოჟაიმ, რომელიც ფიდეს რეიტინგის ასეულშიც კი არ შედის, ფიდეს რეიტინგში 23-ე პოზიციაზე მყოფ ქართველ მოჭადრაკეს ორივე პარტია მოუგო.

ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოდან ერთადერთი მოჭადრაკე რჩება – ბელა ხოტენაშვილი (18). მან ინდოელ ჰარიკო დრონავალისთან (11) ორივე პარტია ყაიმით დაასრულა და ამიტომ 1/8 ფინალის საგზურის მფლობელი ტაი-ბრეიკით გაირკვევა.

უფრო ადრე, პირველივე ტურში დამარცხდნენ ლელა ჯავახიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი.

მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის 23 ნოემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 450 ათასი აშშ დოლარია.

74
თემები:
სპორტი და საქართველო (483)