გიორგი ლორია

რუსეთის საფეხბურთო კავშირმა გიორგი ლორიას სარჩელი დააკმაყოფილა

75
(განახლებულია 14:35 11.10.2018)
თამაზ ჩიქვანაია
ქართველი ფეხბურთელის გამო მახაჩყალის „ანჟის“ სერიოზული სანქციები დაუწესეს.

თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში გასამართი ერთა ლიგის მორიგი მატჩისთვის ემზადება. ნაკრების მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის რჩეულთა სიაში დიდი ცვლილებები არ არის. ამ ეტაპზე შედარებით პრობლემატურად მოჩანს მეკარის პოზიცია.

ნაკრებში პირველ ნომრად ამჯერადაც გიორგი ლორიას ვიხილავთ, რომლის გარშემოც ბოლო ხანს საინტერესო მოვლენები განვითარდა. ცოტა ხნის წინ ქართველმა ფეხბურთელმა სამარის „კრილია სოვეტოვი“ დატოვა, ჯერჯერობით უგუნდოდაა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

ამავდროულად გიორგიმ რუსეთის საფეხბურთო კავშირში უჩივლა მახაჩყალის „ანჟის“, სადაც გასულ წელს იყო განათხოვრებული სამარული გუნდიდან.

როგორც გამოირკვა, დაღესტნურ გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, რომლის მსხვერპლიც, სხვებთან ერთად, გიორგიც გახდა. კლუბს ლორიასთვის გადასახდელი აქვს 2017 წლის ნოემბრისა და 2018 წლის თებერვალ-მაისის პერიოდის ხელფასი.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების განმხილველმა პალატამ იმსჯელა და ქართველი ფეხბურთელის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. უფრო მეტიც, კლუბი დაავალდებულეს პირგასამტეხლო პროცენტებიც გადაიხადოს. მახაჩყალის „ანჟის“ დავალიანების გასტუმრებამდე აეკრძალა ფეხბურთელების დამატება და რაიმე სახით დარეგისტრირება.

75