ძიუდოისტი ილია სულამანიძე

საქართველომ ოლიმპიურ თამაშებზე ჭაბუკთა შორის პირველი მედლები მოიგო

38
(განახლებულია 12:10 10.10.2018)
ქართველმა სპორტსმენებმა უკვე გაიმეორეს ნანკინის თამაშებში ნაჩვენები შედეგი.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს ჭაბუკთა შორის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ამ დღეებში არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში მიმდინარეობს.

ძიუდოისტი ილია სულამანიძე (-100 კგ) ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ყაზახ ბეკარის სადუაკასთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

კიდევ ერთი ვერცხლია არჩილ მალაყმაძის ანგარიშზე, რომელიც მონაწილეობდა ძალოსნების შეჯიბრებაში (–69 კგ). ორჭიდში მალაყმაძემ 288 კგ აწია (134 - ატაცი, 154 - აკვრა). გამარჯვებულთან, თურქ ფურქან ოზბეკთან მან 17 კილოგრამი წააგო.

ბრინჯაო საქართველოს ნაკრებს მოუტანა ნინო ხუციბერიძემ. პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 10 მეტრ დისტანციაზე ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველომ გაიმეორა ჩინეთის ქალაქ ნანკინში 2014 წელს ნაჩვენები შედეგი.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 38-ე ადგილს იკავებს. ოლიმპიური თამაშების ლიდერია რუსეთი.

მესამე საერთაშორისო ოლიმპიური თამაშები ბუენოს-აირესში 6-18 ოქტომბერს მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ სპორტსმენები 206 ქვეყნიდან. საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე 15 მონაწილე წარმოადგენს.

სპორტსმენები 15-დან 18 წლამდე არიან. პირველი ასეთი თამაშები 2010 წელს სინგაპურში გაიმართა.

 

38

ყველაზე საინტერესო