ქართველმა მოჭადრაკეებმა ბათუმის ოლიმპიადაზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს

© Sputnik / Seyran Baroyan 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექვსივე ნაკრებმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს მამაკაცთა მესამე ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო გამოსვლა.

პირველ დაპირისპირებაში ქართველმა მოჭადრაკეებმა მაკაოს ნაკრებს 4:0 სძლიეს. ნოე თუთისანმა და ნიკოლოზ პეტრიაშვილმა შეხვედრები თეთრი ფიგურებით მოიგეს, ხოლო ლუკა ობოლაძემ და ნიკოლოზ კაჭარავამ - შავით.

პირველმა ნაკრებმა, რომელშიც საქართველოს უძლიერესი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა გამოდის, ქულების მაქსიმალური რაოდენობა ვერ დააგროვა. 3,5:0,5 ანგარიშით მათ მოუგეს საერთაშორისო საჭადრაკო კომიტეტის სმენადაქვეითებული სპორტსმენების გუნდს. ჯობავასა და იეჰუდ გრუნფილდის პარტია ყაიმით დასრულდა.

ასეთივე ანგარიშით მოუგო მეორე ნაკრებმა ლიხტენშტეინის ნაკრებს.

ოლიმპიადის მეორე დღეს პირველი ნაკრები შეხვდება ნორვეგიას, მეორე ნაკრები - დანიას, ხოლო მესამე - აშშ-ის ნაკრებს.

რაც შეეხება ქალთა შეჯიბრებას, საქართველოს მეორე და მესამე ნაკრებებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 4:0; მეორე ნაკრებმა სძლია სამხრეთ აფრიკის გუნდს, ხოლო მესამე ნაკრებმა - სეიშელის კუნძულების ნაკრებს.

მოულოდნელად დაკარგა ერთი ქულა საქართველოს ქალთა ძირითადმა ნაკრებმა, რომელშიც მსოფლიო რეიტინგის მე-11 ნომერი ნანა ძაგნიძე გამოდის. სამხრეთ კორეის გუნდთან დაპირისპირებისას მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. პარტია ლეილა ჯავახიშვილმა წააგო.

შეჯიბრების მეორე დღეს ქალთა პირველი ნაკრები შეხვდება ნორვეგიის გუნდს, მეორე ნაკრები - შვედეთის ნაკრებს, ხოლო მესამე - გერმანიის.

მსოფლიო ოლიმპიადა ჭადრაკში ბათუმში 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მოქმედი გამარჯვებული მამაკაცთა შორის აშშ-ის ნაკრებია, ხოლო ქალთა შორის - ჩინეთის ნაკრები.

 

ყველა ახალი ამბავი
0