თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის თბილისის გრან-პრიზე გამოსვლა რვა მედლით დაასრულეს.
ტურნირის ოქროს მედლები მოიპოვეს ბექა ლომთაძემ (-61 კგ), ზურაბ იაკობაშვილმა (-70), ელიზბარ ოდიკაძემ (-97) და გენო პეტრიაშვილმა (-125).
ამას გარდა, ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზეა ორი ვერცხლისა და ორიც ბრინჯაოს მედალი.
წარმატებული გამოსვლის შედეგად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ. მეორეზე არიან სპორტსმენები რუსეთიდან (ცხრა მედალი, 2-2-5), ხოლო მესამეზე — თურქეთიდან (ოთხი მედალი, 2-0-2).
რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, ქართველმა სპორტსმენებმა უფრო მეტი მედალი მოიპოვეს — 12 (3-2-7). მაგრამ მიუხედავად წარმატებული გამოსვლისა, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მაინც ვერ მიიღეს — რუს სპორტსმენებს ორი „ვერცხლით" მეტი შეხვდათ.
მესამე ადგილზე ირანელი სპორტსმენები გავიდნენ (2-1-3).