რაგბი სეტყვაში და „იმპერატორის “ პირველი გამარჯვება ოსაკაში

გამოწერა
გასული კვირის სპორტული ამბები Sputnik საქართველოს მკითხველისათვის ჟურნალისტმა თამაზ ჩიქვანაიამ შეაფასა

წელიწადის დროთა ცვალებადობა  ჩვეულებრივი მოვლენაა და თავისებურად ადამიანის ყოფაზეც  აისახება; ზამთარში, ქუჩაში, საცურაო ტრუსებში გამოწყობილის ნახვა ანომალიად ითვლება, ისევე როგორც ზაფხულში, ზღვის სანაპიროზე ქურქით მოსეირნე. წვიმა-სეტყვაში ადამიანები (როგორც წესი) თავს შენობებს აფარებენ, მაგრამ არის ერთი სფერო ჩვენი ცხოვრებისა, რომელსაც სპორტი ჰქვია, წელიწადის დროთა ცვალებადობას რომ არ ეპუება და ნებისმიერი ამინდისთვის შესაბამისი სახეობა გააჩნია. არავის დაუდგენია, რაგბი ხოშკაკალა სეტყვაში ითამაშეთო, მაგრამ 10 ოქტომბერს, კრასნოდარში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები არც ყინულის მარცვლებს იმჩნევდნენ და  არც  ტალახსა და წვიმას.

შეხვედრას საკმაო ინტრიგაც გააჩნდა, გარდა ისტორიული დაპირისპირებისა, გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენები პრაქტიკულად ინაღდებდნენ რაგბი ევროპის ჩემპიონობას. პირველ ტაიმში მასპინძლებმა მოახერხეს და თამაში მოედნის ჩვენს ნახევარზე გადმოიტანეს, ქართველთა შეცდომებით იხეირეს,  მათმა კაპიტანმა კუშნარიოვმა სამი გატანილი ჯარიმით ჩვენებურთა ლელო-გარდასახვა გააბათილა და ტაიმიც რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა 9:7. მეორე ნახევარში წამოსულმა სეტყვამ ჩვენები გამოაფხიზლა, სხვა სისწრაფეებზე გადაერთენ, უფრო აგრესიულად ათამაშდნენ და კლასში სხვაობა ანგარიშზეც აისახა. საბოლოოდ გამარჯვება 29:9, პრემიალური ქულა და რუმინეთთან თბილისში გასამართი შეხვედრა, სავარაუდოდ, ფორმალობად იქცა, რადგან წარმოუდგენელია ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებმა  პრემიალური ქულით წააგოს. კრასნოდარის მატჩიდან უნდა აღვნიშნო კაპიტნის, გიორგი ნემსაძის დიდებული თამაში და ახალგაზრდა სოსო მათიაშვილის პრაქტიკულად უშეცდომო გამოსვლა.

ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ფეხბურთში საქართველოს პირველობაც იწყება. უკვე გაიმართა ორი ტური, რაიმე ძირეული დასკვნების გამოტანა ნაადრევია, თუმცა მოულოდნელი შედეგები იყო და რამდენიმე შეხვედრა საინტერესოც გამოდგა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის „ტორპედომ“, პირველ ტურში საკუთარ მოედანზე წააგო გორის „დილასთან“ 2:3.

იგივე ბედი გაიზიარა თბილისის „დინამომ“, რომელსაც უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა რუსთავის „მეტალურგმა“ 2:1 აჯობა.

ჯერ ცხრილის შემოთავაზება ნაადრევია, უბრალოდ შედეგებს გამცნობთ:

კოლხეთი   1-4    საბურთალო

ტორპედო   2-3    დილა

ჩიხურა   6-1    კოლხეთი

ლოკომოტივი   1-2    სამტრედია

დინამო თბ   1-2    მეტალურგი

საბურთალო   3-1    სიონი

დილა   1-1    ჩიხურა

მეტალურგი   0-1    ტორპედო

ლოკომოტივი 1-4 დინამო თბ.

სამტრედია 0-1 ბოლნისი

6, 7 და 8 მარტს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის  მერვედფინალები გაიმართა. შედეგები ყველასთვის ცნობილია, ვიტყვი მხოლოდ, რომ მადრიდის „რეალისა“ და პსჟ-ს დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ პარიზელთა მწვრთნელი, უნაი ემერი აშკარად ვერ იყენებს მისი გუნდის უდიდეს რესურსს და მალე უმუშევართა კატეგორიაში აღმოჩნდება. 

მარტივად გავიდნენ შემდეგ წრეში ინგლისური გუნდები „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“, რაც შეეხება აქამდე მშვენივრად მოასპარეზე ლონდონის „ტოტენჰემს“, აშკარად არ გაუმართლა და ჩემთვის, ცოტა დასანანი მარცხი იწვნია ტურინის „იუვენტუსთან“. ევროპა ლიგა ჩვენთვის იმით იყო საინტერესო, რომ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გასვლით შეხვედრაში მოსკოვის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში იასპარეზა საქართველოს ნაკრების წევრმა სოლომონ კვირკველიამ, რომელსაც რუსეთში დიდებული პრესა აქვს და ლამის ყველა ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც ხვდება. აქ კლასში დიდმა სხვაობამ იჩინა თავი და ვერც გუნდმა ივარგა და ვერც ჩვენებურმა, რომელსაც თვალშისაცემი შეცდომები მართალია არ დაუშვია, მაგრამ ერთი-ორჯერ თავისიანები ვერ გადაარჩინა.

11 მარტიდან ოსაკას „გიმნაზიუმი“ წლის მეორე სუპერტურნირს სუმოში, ჰარუ ბაშოს მასპინძლობს — "გაზაფხულის" ბაშო 25 მარტის ჩათვლით გაიმართება, მოქმედი ჩემპიონი კი ქართველი ლევან გორგაძეა (ტოჩინოშინი). ტურნირამდე ტოჩინოშინს ვარჯიშზე მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი გაუწყდა ნაწილობრივ და მთელი ტურნირი გამაყუჩებლების თანხლებით მოუწევს ასპარეზეობა. თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა პირველი გამარჯვების მოპოვებაში. მისი მეტოქე  იაპონელი მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო, რომელსაც  იორიკირით სძლია. მეორე ტურში ლევანის პირისპირ მონღოლი 1-ლი მაეგაშირა ტამავაში დადგება, რომელიც დასავლეთის სეკივაკეს პოზიციიდან სწორედ ტოჩინოშინმა ჩამოაქვეითა და თავად დაიკავა მისი ადგილი. მასთან პირად შეხვედრებში დიდი უპირატესობა აქვს ლევანს — 14:6. ტამავაშიმ დღეს ოძეკი გოეიდო ოშიდაშით დაამარცხა.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდა იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. გოგონათა შორის შესანიშნავად იასპარეზა 13 წლის ალექსანდრა ტრუსოვამ, რომელმაც მთელი 18 ქულით აჯობა თანამემამულე ალიონა კოსტორნაიას და რაც მთავარია ყველა გააოცა ორი ოთხმაგი ბრუნით. ბიჭების ტურნირშიც რუსმა სპორტსმენმა ალექსეი ეროხინმა იმარჯვა. ორივე მათგანის მწვრთნელი ქართველი ეთერ თუთბერიძეა,  რომლის აღსაზრდელებმა ზაგიტოვამ და მედვედევამ, კორეაში გამართულ ოლიმპიადაზე ფურორი მოახდინეს და ოქრო-ვერცხლი გაიყვეს. 

  ჩვენი სპორტული მედია საჭადრაკო თემების გაშუქებისას, რატომღაც მხოლოდ იმ ტურნირების შედეგებს გვამცნობს სადაც ქართველი მოჭადრაკეებიც ასპარეზობენ. არადა შაბათს ბერლინში დაიწყო ვაჟთა შორის პრეტენდენტთა ტურნირი, რომელმაც მოქმედი ჩემპიონის, ნორვეგიელი მაგნუს კარლსონის მეტოქე უნდა გამოავლინოს. პირველ ტურში სომეხმა ლევონ არონიანმა ჩინელ დინ ლიჟენს მოუგო, ამერიკულ დაპირისპირებაში ფაბიანო კარუანამ უესლი სოს აჯობა. ტურნირის რეიტინგ ლიდერმა აზერბაიჯანელმა შაჰრიარ მამედიაროვმა რუსი სერგეი კარიაკინი დაამარცხა. რუსთა ჯახში ვლადიმირ კრამნიკი ალექსანდრ გრიშჩუკს დაუზავდა. მომავალ კვირას, უფრო მეტის თქმა შემეძლება, უკვე რამდენიმე ტური იქნება ჩავლილი და სავარაუდო პრეტენდენტებიც გამოიკვეთება.  

   ეს გახლდათ გასული კვირის სპორტული მოვლენების არასრული ჩამონათვალი, ავარჩიე სპორტის ის სახეობები, რომლებიც ჩვენში შედარებით პოპულარულია და რომელთა თვალის მიდევნებაც უფრო დაგაინტერესებდათ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0