კვერკველია ივლისში „ლოკომოტივის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

© FC Lokomotiv Moscowსოლომონ კვერკველია
სოლომონ კვერკველია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივლისში კვერკველია სპეციალისტებმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორჯერ შეიყვანეს.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის" ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია კლუბის გულშემატკივრებმა ივლისში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, აღნიშნულია კლუბის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოკითხვის შედეგებით, ქართველ ფეხბურთელს „ლოკომოტივის" გულშემატკივართა 43,9%-მა (7 428 ადამიანი) მისცა ხმა. ამ შედეგებით მან გაუსწრო პორტუგალიელ მანუელ ფერნანდეშსა (39,2%) და იგორ დენისოვს (6,6%).

სულ გამოკითხვაში 16 910 ადამიანი მონაწილეობდა.

კვერკველიამ ივლისში „ლოკომოტივის" შემადგენლობაში ოთხი მატჩი ჩაატარა, აქედან სამში გუნდმა გაიმარჯვა. ამასთან, ქართველი მცველი რუსეთის ამჟამინდელ ჩემპიონატში პირველი გოლის ავტორიც გახდა და რუსეთის პრემიერ-ლიგის პირველ ტურში ერთადერთი, გამარჯვების გოლი გაიტანა (ტულის „არსენალის" კარში).

აღსანიშნავია, რომ მეოთხე ტურის შედეგებით, რომელშიც „ლოკომოტივმა" „სკა-ხაბაროვსკს" სძლია (1:0), კვერკველია სეზონში მეორედ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში. მატჩის მსვლელობისას ქართველმა მცველმა 19 ორთაბრძოლიდან 17 მოიგო. როგორც სპეციალისტების უმეტესობა აღნიშნავს, სწორედ ქართველი მცველის საიმედო და დამაჯერებელმა თამაშმა არ მისცა მეტოქეს გოლის გატანის საშუალება. ამას გარდა, კვერკველიას თავადაც ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა ვერ გამოიყენა.

ოთხი ჩატარებული ტურის შემდეგ „ლოკომოტივი" 12 ქულით, "ზენიტთან" ერთად, რუსეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეშია.

კვერკველია „ლოკომოტივში" ყაზანის „რუბინიდან" გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარის უფლებით გადავიდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გუნდმა ის "რუბინისგან" შეისყიდა და 25 წლის ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი 2021 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0