მთავრობის სხდომა

პრემიერი: საქართველო მსოფლიო სპორტულ არენაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს

19
საქართველოს პრემიერმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტი უწოდა.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველო საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი ხდება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

სამთავრობო პროგრამის Check in Georgia Sport-ის ფარგლებში საქართველო 2017 წელს 13 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელთა შორის არის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი რაფტინგში. მოსალოდნელია, რომ ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს 70 ქვეყნის წარმომადგენლები ეწვევა.

„საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის მსოფლიო რუკაზე და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი ხდება, რასაც ჩვენ მივესალმებით და ამას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

გასულ კვირას ქართველმა სპორტსმენებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე სპორტის ისეთ სახეობებში, როგორებიცაა ძიუდო, სუმო, კიკბოქსინგი, ჭადრაკი და ფარიკაობა.

„მინდა, აღვნიშნო ის მედალთცვენა, რომელიც გვქონდა გასულ კვირას, ქართველი სპორტსმენების წარმატების სახით. ნამდვილად ღირსშესანიშნავია, რომ გასულ კვირას, მხოლოდ ერთ კვირის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ჯამში 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 12 ბრინჯაოს მედალი“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პროფესიონალური სპორტის მიმართულებების, ასევე — მასობრივი სპორტის განვითარება. ამ კონტექსტში მან გამოყო ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

 

 

19