ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილი ბარსელონაში АТР-ს სერიის ტურნირის მეორე რაუნდში გავიდა

8
(განახლებულია 17:04 25.04.2017)
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონაში АТР-ს სერიის ტურნირის მეორე რაუნდში მსოფლიოს მეათე ჩოგბურთელს დავიდ გოფენს შეხვდება.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (61) იაპონელ დანიელ ტაროს (114) ორ სეტში მოუგო 6:3, 6:1 და ბარსელონაში მიმდინარე АТР-500 სერიის ტურნირის მეორე რაუნდში გავიდა.

პირველ პარტიაში ბასილაშვილმა თავისი ჩაწოდება მეხუთე გეიმში წააგო, მაგრამ მაშინვე უკუბრეიკი გააკეთა და ანგარიში გაათანაბრა.

სწორედ ამ მომენტში "გატყდა" იაპონელი. ტაროს აღარ გამოსდიოდა პირველი ჩაწოდება და უფრო მეტ შეცდომას უშვებდა. თანაც, ბასილაშვილი ძალიან მოხერხებულად და დროულად ამწვავებდა თამაშს — უკანა ხაზზე ურტყამდა და ბურთი კორტის ერთი კუთხიდან მეორეში დროულად გადაჰქონდა.

მერვე გეიმში მეტოქის ჩაწოდების აღების შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა კომფორტული უპირატესობა გაინაღდა და პირველი სეტი ანგარიშით 6:3 მოიგო.

მეორე პარტიაში ტარო მინდორზე საერთოდ აღარ ჩანდა. ბასილაშვილი იაპონელის ჩაწოდებას კარგად იღებდა, რისი შედეგი გახდა სამი ბრეიკი — პირველ, მესამე და მეშვიდე გეიმში. თანაც ქართველის ჩაწოდებაზე ტარომ მხოლოდ ერთხელ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მაგრამ ამას გაგრძელება არ მოჰყოლია. შედეგი — ადვილი გამარჯვება 6:1 ერთ საათზე ოდნავ მეტ დროში.

გაცილებით უფრო სერიოზული მეტოქე ელის ბასილაშვილს მეორე წრეში — მსოფლიოს მეათე ჩოგანი დავიდ გოფენი. ბოლო "მასტერსზე" მონტე-კარლოში ბელგიელმა მსოფლიო რეიტინგის ტოპ-ათეულის ორ ჩოგბურთელს მოუგო — მერვედფინალში დომინიკ ტიმს (9), ნახევარფინალში — ნოვაკ ჯოკოვიჩს (2) და მხოლოდ გადამწყვეტ მატჩში წააგო რაფაელ ნადალთან (7).

АТР 500-სერიის ტურნირი ბარსელონაში 30 აპრილამდე გაგრძელდება, მისი საპრიზო ფონდი 2 350 ათას ევროს შეადგენს.

ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია რაფაელ ნადალი, რომელიც ბარსელონის კორტებზე უძლიერესი ცხრაჯერ გახდა.

8