ძიუდოისტმა შავდათუაშვილმა დიუსელდორფში გრან-პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

გამოწერა
გერმანიაში გრან-პრიზე ქართველი ძიუდოისტები მამაკაცებს შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილს იკავებენ, პირველ ადგილზე კი რუსი სპორტსმენები არიან.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი და რიო-დე-ჟანეიროს თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი დიუსელდორფის გრან-პრის ტურნირზე ვერცხლის პრიზიორი გახდა, იუწყება ოფიციალური ვებგვერდი IJF. 

შავდათუაშვილი თავის წონით კატეგორიაში (-73 კგ) პირველ ნომრად იყო განთესილი და გრან-პრის ფინალში კანონზომიერად მოხვდა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუს დენის იარცევს შეხვდა, რომელიც ბრაზილიის ოლიმპიადაზე ერთხელ უკვე დაამარცხა. მაგრამ, რიო-დე-ჟანეიროსგან განსხვავებით, ამჯერად დაუთმო მას და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 

ვაჟა მარგველაშვილი ოქროს მედლით - Sputnik საქართველო
ძიუდოში დიუსელდორფის გრან–პრის ჩემპიონი მარგველაშვილი გახდა

ამავე წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი — საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ფრიდონ გიგანი ასპარეზობდა, რომელიც პირველივე რაუნდში ჩეხ იაკუბ იაჩმინეკთან დამარცხდა.

გრან-პრიზე მედლები 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაშიც თამაშდებოდა, მაგრამ ორივე წარმომადგენელი ამბაკო ავალიანი და ნუგზარ ტატალაშვილი საპრიზო ადგილების გარეშე დარჩნენ.

ამგვარად, დიუსელდორფში მიმდინარე შეჯიბრების ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა: ვაჟა მარგველაშვილის ოქრო (-66 კგ), ამირან პაპინაშვილის ვერცხლი (-60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილის (-73 კგ) ვერცხლი.

დღეს, 26 თებერვალს, ტურნირზე მედლების სამი კომპლექტი შემდეგ წონით კატეგორიებში გათამაშდება: 90 კგ-მდე, 100 კგ-მდე და 100 კგ-ზე ზემოდ. საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ: ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90კგ), ლაშა ტაველური (-100კგ), ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (+100კგ).


ყველა ახალი ამბავი
0