მჭედლიძემ ორი შანსი დაკარგა, კაშია კი „ვიტესს“ გამარჯვებაში ეხმარება

© FB / Empoli Fc Officialლევან მჭედლიძე
ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik–ის სპორტული ჟურნალისტი ნოდარ მაისურაძე მორიგი საფეხბურთო უქმეების შედეგებზე მოგვიყვება, რომელშიც ქართველი ლეგიონერები მონაწილეობდნენ: მჭედლიძე, კაშია, კანკავა, ოქრიაშვილი.

ბოლო საფეხბურთო უქმეები ქართველი ფეხბურთელებისთვის დაბალშედეგიანი აღმოჩნდა. თუმცა მათ ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია.

მჭედლიძემ „ტორინოს“ ვერ გაუტანა

„ემპოლისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე, რომელმაც ბოლო დროს კარგ ფორმაში ჩადგა და ორ ბოლო მატჩში ორი გოლი გაიტანა, საანგარიშო ტურში თავი ვერ გამოიჩინა. მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა. ქართველ თავდამსხმელს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა მას სიზუსტე არ ეყო.

შეხვედრის 44–ე წუთზე მჭედლიძემ ყვითელი ბარათი მიიღო, სულ ეს იყო.

გასავარდნ ზონას „ემპოლის“ რვა ქულა აშორებს.

„ვიტესს“ გამარჯვებაში კაშია დაეხმარა

ჰოლანდიის ჩემპიონატის XXI ტურში „ვიტესმა“, რომლის სახელით საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია თამაშობს, გასვლაზე „დენ ჰააგს“ ანგარიშით 2:0 მოუგო.

თუმცა კაშიას არც ერთ გატანილ გოლში მონაწილეობა არ მიუღია, თავდაცვითი მოქმედებები, რომლებსაც გუნდის კაპიტანი კაშია ხელმძღვანელობდა, შექებას ნამდვილად იმსახურებდა. მთელი 90–ი წუთის განმავლობაში მასპინძლებს „ვიტესის“ კარის მიმართულებით დარტყმის საშუალება მხოლოდ ორჯერ ჰქონდათ.

საანგარიშო ტურის შემდეგ „ვიტესმა“ 33 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მეექვსე ზოლზე გადაინაცვლა.

კანკავას მორიგი გაფრთხილება

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ აღიდგინა ძალები და უკვე მეოთხე მატჩში „რეიმსის“ სასტარტო შემადგენლობაში გამოდის.

მეორე ფრანგული ლიგის XXIII ტურში „რეიმსი“ თავის მოედანზე „ტურს“ მასპინძლობდა, რომელიც ბოლოსწინა ადგილს იკავებს. აშკარა ფავორიტის სტატუსის მიუხედავად, მასპინძლებმა აუტსაიდერთან შეხვედრისას ქულები დაკარგეს და მატჩი ანგარიშით 1:1 დაასრულეს.

ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და 78–ე წუთზე მორიგი ყვითელი ბარათი დაიმსახურა. ეს გაფრთხილება მისთვის ამ სეზონში უკვე მეოთხეა.

 „რეიმსი“ მაინც მეორე ადგილს ინარჩუნებს და პირველ ლიგაში გასვლაზე ბრძოლას განაგრძობს.

ქართული „დერბი“ აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის ჩემპიონატის XVI ტურზე „ქართული დერბი“ შედგა, სადაც ნიკა კვეკვესკირის „გაბალა“ გიორგი ნავალოვსკის „ნეფტჩის“ მასპინძლობდა.

ორივე ქართველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, შეხვედრა კი „გაბალას“ მინიმალური გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.

სეზონისწინა შეკრებები

„კრასნოდარი“, რომელიც შეკრებას ესპანურ მარბელიაში ატარებს, ამხანაგურ მატჩში პრაღის გუნდ „სლავიას“ ანგარიშით 1:2 დაუთმო.

თორნიკე ოქრიაშვილმა მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოს „ხარებს“ პენალტიც მოუწყო, რომელიც გრანკვისტმა განახორციელა.

გამოირჩეოდა ქართველი ნახევარმცველიც, რომელიც მარცხენა ფლანგზე აქტიურობდა. თუმცა საბოლოოდ ოქრიაშვილს ან დარტყმის სიზუსტე არ ჰყოფნიდა,  ან ძალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0