საქართველოს ფეხბურთის U-17 ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე გახდა

© GFFსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები U-17
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები U-17 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე დაინიშნა.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 17-წლამდელთა (U-17) ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე გახდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

ახალი მწვრთნელი „ბასაზე“ შეკრებილ ფეხბურთელებს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა წარუდგინა. მან მადლობა გადაუხადა ყოფილ მწვრთნელს გურამ ასპინძელაშვილს და ახალგაზრდა სპორტსმენებს სიტყვით მიმართა.

„ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ ახალი მთავარი მწვრთნელი — გიორგი ნემსაძე. მას ქართულ ფეხბურთში დიდი წარდგენა არ სჭირდება და, იმედი მაქვს, ერთად წარმატებული წელი გვექნება. ყოველთვის იცოდეთ და გჯეროდეთ ერთი: რა კარიერაც არ უნდა გქონდეთ, სადაც არ უნდა ითამაშოთ, რასაც არ უნდა მიაღწიოთ, ვერასდროს ვერაფერი გადაწონის იმას, რასაც ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა ჰქვია. ნაკრებში ღირსეული თამაში და ქვეყნისა და გულშემატკივრებისთვის ბრძოლა არის ყველაზე დიდი ჯილდო სპორტსმენისთვის", — განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა. 

ფეხბურთელები ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
საქართველოს U-17 ნაკრების ფიასკო ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის კვალიფიკაციაში

17-წლამდელთა ნაკრები 14 იანვრიდან ბელარუსის დედაქალაქ მინსკში „განვითარების თასის“ ტრადიციულ ტურნირზე იასპარეზებს. გუნდი მანამდე „ბასაზე“ ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ივარჯიშებს. გიორგი ნემსაძის თანაშემწე გიორგი ხიზანიშვილი იქნება.

გიორგი ნემსაძე სხვადასხვა წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“, ლანჩხუთის „გურიაში“, თბილისის „შევარდენში“, გერმანიის „ჰამბურგში“, თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“. 

მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 

ნემსაძე არის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, თურქეთის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლის მფლობელი, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი.

ყველა ახალი ამბავი
0