ჭადრაკის ოლიმპიადა ბაქოში

ბაქოში ჭადრაკის ოლიმპიადა ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით დაიწყეს

100
(განახლებულია 14:36 03.09.2016)
ბაქოში მიმდინარე ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადაში მსოფლიოს 176 ქვეყნის მოჭადრაკე მონაწილეობს.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ბაქოში დაწყებულ ჭადრაკის მსოფლიო  42-ე ოლიმპიადაზე, საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებმა ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა — ნანა ძაგნიძის, ლელა ჯავახიშვილის, ნინო ბაციაშვილის, ბელა ხოტენაშვილის და სალომე მელიას შემადგენლობით, პირველ ტურში 4:0 დაამარცხა სმენა შეზღუდულთა ნაკრები. ქართველმა მამაკაცებმა კი მიანმის ნაკრებს მოუგეს 3.5 და 1.5 ქულით. 

მეორე ტურში ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ფილიპინების გუნდს შეხვდება, ხოლო მამაკაცები — ირანის გუნდს.

 

ბაქოს ოლიმპიადაში ქალთა 141 ნაკრები და მამაკაცთა 180 ნაკრები მონაწილეობს მსოფლიოს 176 ქვეყნიდან. აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩასულ სპორტსმენთა რიცხვი 2000-ს აჭარბებს. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება. 

ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ქართველ მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა ტურნირი 4-ჯერ მოიგო (1992, 1994, 1996 и 2008). კიდევ 3-ჯერ (1998, 2000, 2010) პრიზიორი იყო. ბოლო სამი ოლიმპიადის მანძილზე გამარჯვება  რუსეთის ქალთა ნაკრებს ხვდა წილად. რაც შეეხება ქართველ მოჭადრაკე  მამაკაცთა ნაკრებს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ისინი არასოდეს გასულან საპრიზო ადგილებზე. 

მსოფლიოს 43 ჭადრაკის ოლიმპიადა ბათუმში 2018 წელს არის დაგეგმილი. 

 

100