ზაზა ნადირაძე: „ეს ნიჩაბი 18 წლისამ ავიღე ხელში და უკვე ხუთი წელია, ვიყენებ. ადრე ცოტა „დიდი მქონდა“, მაგრამ ახლა უკვე ჩემ ზომაზე დადგა

ზაზა ნადირაძე: ფსიქოლოგიური განწყობა არც ფინალში მომაკლდება

87
(განახლებულია 16:07 18.08.2016)
Sputnik-ის კორესპონდენტი, რომელიც რიოში იმყოფება, ფინალში გასულ ქართველ ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს გაესაუბრა.

რიო-დე-ჟანეირო, 18 აგვისტო Sputnik, კახა ბერიძე. რიოში მყოფი ქართული დელეგაცია და საქართველოში დარჩენილი სპორტის უამრავი გულშემატკივარი ალბათ ჯერ ისევ ჩვენი ძალოსნების ტრიუმფალური გამოსვლით გამოწვეული ეიფორიის ქვეშ იყვნენ, როცა მეორე დილით, 17 აგვისტოს ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ყველას ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო. ის 200-მეტრიან დისტანციაზე გაცურვის ფინალში, ანუ საუკეთესო რვა მონაწილეს შორის მოხვდა და თანაც ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე.

ზაზა ნადირაძის ავტოგრაფი Sputnik-ს
Sputnik/ Denis Aslanov
ზაზა ნადირაძის ავტოგრაფი Sputnik-ს

აღნიშნულ დისციპლინაში 25 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. პირველი გაცურვისას ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა და ნახევარფინალში უპრობლემოდ გააღწია. ცხადია, ფინალში გასასვლელად გაცილებით რთული ბრძოლა იყო მოსალოდნელი და ზაზამაც ნამდვილი სპორტული შემართება გამოამჟღავნა.

22 წლის მცხეთელი კანოისტი ურთულეს ჯგუფში მოხვდა — ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონების კომპანიაში. ზაზამ 200 მეტრი 40.146 წამში დაფარა და უკან მოიტოვა ყველა მეტოქე, მათ შორის, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უკრაინელი, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი ვალენტინ დემიანენკო და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, უკრაინელი იური ჩებანი.

ზაზა ნადირაძის წარმატებული გამოსვლის შემდეგ Sputnik-მა მას კომენტარი სთხოვა.

„თავიდან ოლიმპიური ლიცენზიის აღებაც კი წარმატებად ჩაითვალა, თუმცა ამით არ დავკმაყოფილდი და რიოში დამაჯერებელი შედეგის დადებისთვის დავიწყე მზადება. გულშემატკივრები ტელეეკრანებიდან ვერ შეამჩნევდნენ, მაგრამ ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში არ ვარ, რადგან რამდენიმე თვის წინ წელის რთული ოპერაცია გავიკეთე და ბოლომდე დატვირთვა ჯერ ისევ მიჭირს.

შეჯიბრებისთვის ყველანაირად განვეწყე. პირველი გაცურვისას ვფიქრობდი, ძალები მაქსიმალურად შემენახა და დიდად არ დავღლილიყავი, რადგან ვიცოდი, რომ წინ გაცილებით რთული მეტოქეები მელოდნენ. ფიზიკურად თუ ოდნავ პრობლემები მქონდა, სამაგიეროდ ფსიქოლოგიურად ვიყავი მზად კარგად და ამ განწყობით ჩავები ნახევარფინალშიც. უკან მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები მოვიტოვე და უზომოდ ბედნიერი ვარ.

ამ სახეობაში ბევრი მოულოდნელობები ხდება, რაც დღესაც დამტკიცდა. ფინალში დასაკარგი აღარაფერი მაქვს და მაქსიმალურად ვეცდები საუკეთესო შედეგი ვაჩვენო. ფსიქოლოგიური განწყობა არც ფინალური გაცურვისას მომაკლდება“.

87
თემები:
საქართველო რიოს ოლიმპიადაზე (99)