ხორვატ ფეხბურთელთა ნაკრები

ევრო 2016-ის ფლეი-ოფის მატჩების პროგნოზები ექსპერტებისგან

76
პოლონეთის, ხორვატიისა და უელსის ნაკრებებს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. უკან დარჩა ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპი. დღეს ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის თამაშები იწყება. ახლა დამარცხებულს შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ ექნება.

Sputnik-ი ესაუბრა ფეხბურთის ექსპერტებს, რათა მათი შეფასებები მოესმინა მერვედფინალის შესახებ.

საუბარია 1/8 ფინალის სამ მატჩზე, რომლებიც შაბათს გაიმართება. ესენია: შვეიცარია-პოლონეთის, უელსი-ჩრდილოეთ ირლანდიისა და ხორვატია-პორტუგალიის შეხვედრები.

სანდრო ცნობილაძე, რადიო Jako.fm-ის სპორტული რედაქტორი:

პოლონეთი- შვეიცარია: ვფიქრობ, ამ თამაშში გოლების სიუხვე არ იქნება. ფსონს 2.5 გატანილ გოლზე ჩამოვდივარ, პოლონეთი მეოთხედფინალში გადავა.  პოლონეთის ნაკრები, როგორც ვამბოდი, მზადაა, რომ მსხვილ ტურნირებში სერიოზულ ამოცანებს გაართვას თავი.

უელსი-ჩრდილოეთ ირლანდია: ეს, ჩემი აზრით, ყველაზე დაუბალანსებელი წყვილია მერვედფინალის წყვილებს შორის. უელსელები ორი-სამი თავით მაღლა არიან მოწინააღმდეგეზე და ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი სუფთა გამარჯვებას მოიპოვებენ შეხვედრაში, თანაც, ძირითად დროში და თანაც ჰანდიკაპით.

ხორვატია-პორტუგალია: თუ პორტუგალია იმდენი „მოახერხა“, რომ უნგრელებთან თამაშში სამი გოლი გაუშვა, ვითომ ხორვატები რით არიან ნაკლებები? ასეთი სუსტი დაცვის პირობებში პორტუგალიელები აუცილებლად მიიღებენ გოლს საკუთარ კარში და შესაძლოა, არაერთხელ. თუმცა, შესაძლოა თვითონაც აიღონ მოწინააღმდეგის კარი. და მაინც, ამ წყვილში ფავორიტი უფრო ხორვატიაა. ამიტომ ჩემი პროგნოზი ასეთია: 2.5 ბურთზე მეტი და ხორვატიის გადასვლა ¼ ფინალში.

დემნა დაბრუნდაშვილი, სტაჟიანი ქომაგი:

პოლონეთი-შვეიცარია: ვერ ვიტყოდი, რომ პოლონეთმა ჩემზე დიდ შთაბეჭდილება მოახდინა ჯგუფურ ეტაპზე. ლევანდოვსკისნაირი ფორვარდი ჰყავდათ და ორ გოლზე მეტი ვერ გაიტანეს. თანაც თვითონ ლევანდოვსკის არცერთი გოლი არ გაუტანია. მგონია, რომ შვეიცარია გაუძლებს პოლონელების მიწოლას და ძირითად დროში არ დამარცხდება.

უელსი-ჩრდილოეთ ირლანდია: უელსელები უდავო ფავორიტები არიან ამ წყვილში. ვალიელებს ჰყავთ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან: გარეტ ბეილი, აარონ რემსი, ჯო ალენი — შესაბამისად, უპრობლემოდ უნდა დაამარცხონ მეზობლები. ფსონს უელსის ძირითად დროში სუფთა გამარჯვებაზე ვაკეთებ.

უელსის საფეხბურთო ნაკრები
RIA Novosti
უელსის საფეხბურთო ნაკრები

ხორვატია-პორტუგალია: ხორვატებმა აჩვენეს, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მომზადებულან. მძლავრი, დაბალანსებული გუნდია და არავისი არ ეშინია. ლუკა მოდრიჩი, ივან რაკიტიჩი, მამრიო მანჯუკიჩი და დარიო სრნა რონალდუსა და პორტუგალიას ნამდვილად არ შეუშინდებიან. ვფიქრობ, შემდეგ რაუნდში ხორვატია გადავა.

ნანიკო ჩოკორაია, სპორტული ჟურნალისტი:

პოლონეთი-შვეიცარია: ძალიან უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მგონია, რომ ტურნირში მონაწილეობას შვეიცარია განაგრძობს. მეჩვენება, რომ ეს გუნდი, მცირედით, მაგრამ უფრო სტაბილურად თამაშობს და სწორედ პოლონეთის წინააღმდეგ აქვს კარგი შანსები იმისთვის, რომ მეოთხედფინალში გადავიდეს.

უელსი-ჩრდილოეთ ირლანდია: ამ წყვილში არჩევანის გაკეთებაზე ბევრი ფიქრი საჭირო არ არის. უელსის სუფთა მოგებაზე ვდებ ფსონს, ძირითად დროში. ჩრდილოირლანდიელებმა ისედაც აჯობეს თავს, როცა მერვედფინალში გადავიდნენ.

ხორვატია-პორტუგალია: ჯერ კიდევ ტურნირის დასაწყისში ვამბობდი, ხორვატები მომწონს, გუნდს აქვს ევრო 2016-ის მოგების პოტენციალი-მეთქი. ახლა, როცა ფლეი-ოფის ცხრილი ვიცით, რწმენა კიდევ მეტად მიმყარდება. ბალკანელებს მშვენიერი შანსი აქვთ იმისთვის, რომ ტიტულისთვის იბრძოლონ. ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ.

ვფიქრობ, ესპანელებზე გამარჯვება გარდამტეხი ფსიქოლოგიური მომენტი გამოდგა მათთვის და ახლა ბევრი შეუძლიათ. გავრისკავ და ვიტყვი, რომ, სულ ცოტა, ორგოლიანი სხვაობით გაიმარჯვებენ.

ვალერი კაპანაძე, სტაჟიანი ქომაგი:

პოლონეთი-შვეიცარია: ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე პოლონელებმაცა და შვეიცარიელებმაც სამ მატჩში ორ-ორი გოლი გაიტანეს. თანაც პოლონეთმა არცერთი გოლი არ გაუშვა საკუთარ კარში. გუნდები ფრთხილ ფეხბურთს თამაშობენ. არა მგონია, რომ მერვედფინალის მატჩში რამე შეიცვალოს. მით უმეტეს, რომ შეცდომის ფასი ახლა ძალიან მაღალია. ვივარაუდებ და ვიტყვი, რომ დღევანდელი თამაში გამონაკლისი არ იქნება, გუნდები 2.5-ზე ნაკლებ ბურთს გაიტანენ და 10.5-ზე ნაკლებ კუთხურს ჩააწვდიან.

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წევრი კრიშტიანუ რონალდუ
Sputnik/ ალექსანდრ ნესტეროვი
პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წევრი კრიშტიანუ რონალდუ

უელსი- ჩრდილოეთ ირლანდია: უელსი და უნგრეთი ყველაზე მეტი გოლის ავტორები არიან ჯგუფურ ეტაპზე.  ვალიელების ანგარიშზე ექვსი გოლია. გარეტ ბეილი, რემსისა და ალენთან ერთად, მთელ გუნდს ქაჩავს და ჯერჯერობით გამოსდის. გავრისკავ და ვივარაუდებ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში უელსელები, სულ ცოტა, ორ გოლს გაიტანს და შემდეგ ეტაპზე გადავა.

ხორვატია-პორტუგალია: ხორვატია შესარჩევ ტურში ერთ-ერთი ყველაზე უხეში გუნდი იყო. ყვითელი ბარათების მიღების მიმართ მიდრეკილება აქვთ. არც პორტუგალიელები გამოირჩევიან სენტიმენტალობით, მით უმეტეს, რომ შემადგენლობაში პეპე ჰყავთ! ჩემი პროგნოზი ასეთია: 4.5-ზე მეტი ყვითელი ბარათი (შესაძლოა, მოედნიდან გაძევებაც) და 1.5 გოლზე მეტი.

გიორგი ჭანიშვილი, „საზმაუს“ საინფორმაციო გამოშვებების რადიოწამყვანი:
პოლონეთი-შვეიცარია: ამ წყვილში უპირატესობას პოლონეთს ვანიჭებ. შვეიცარიამ ჯგუფში ალბანეთთან და რუმინეთთან თავი ვერ გამოიჩინა. ერთთან მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა, მეორესთან კი სულაც ფრე ითამაშა. პოლონეთი უფრო საინტერესოდ გამოიყურება. ლევანმდოვსკიმ ხომ უნდა გამოიღვიძოს, ბოლოს და ბოლოს?! ამიტომ ვფიქრობ პოლონეთი გაიმარჯვებს ძირითად დროში.

უელსი-ჩრდილოეთ ირლანდია: ეს მეორე ბრიტანული დერბია ამ ჩემპიონატზე. ცოტა რთულია პროგნოზის გაკეთება. დერბიში მაინც ფსიქოლოგიაა გადამწყვეტი. ასეთ შეხვედრებს თავისებური სპეციფიკა აქვს. გავრისკავ და ვივარაუდებ, რომ თამაში არ იქნება უხეში და მატჩში 4.5-ზე ნაკლები ყვითელი ბარათი დაფიქსირდება.

ხორვატია-პორტუგალია: პორტუგალიის ახლანდელი ნაკრების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მთელი გუნდი რონალდუზე თამაშობს. ბოლო მატჩში ორი გოლი კი გაიტანა უნგრელების კარში, მაგრამ პირველ ორ შეხვედრაში თავი ვერაფრით გამოიჩინა. ხორვატები კი ერთიან გუნდად წარმოჩინდნენ, რომელშიც ყველას თავისი ადგილი აქვს და ეს მექანიზმი ძალიან გამართულად მუშაობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხორვატები ძირითად დროში სუფთად მოიგებენ.

76