ფეხბურთი

ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკრაინელებთან მატჩი ფრე ანგარიშით დაასრულა

7
(განახლებულია 15:35 29.03.2016)
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში უკრაინელ თანატოლებთან ამხანაგურ მატჩს 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამოსვლისთვის მომზადებად განიხილავს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფეხბურთში უკრაინელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი ფრე ანგარიშით დაასრულა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

თამაში ზესტაფონის დავით აბულაძის სახელობის სტადიონზე ცუდი ამინდის პირობებში გაიმართა.

პირველად თავი სტუმრებმა გამოიჩინეს. ქართველმა მცველებმა პოზიციური შეცდომა დაუშვეს და ედუარდ სობოლმა ანგარიში გახსნა.

მასპინძლებმა საპასუხო გოლი სამი წუთის შემდეგ გაიტანეს. რომან ჭანტურია უკრაინის ნაკრების მეკარესთან ბურთისთვის ბრძოლაში ჩაება, ამ უკანასკნელმა შეცდომა დაუშვა და ჭანტურიამ გოლი, ფაქტობრივად, ცარიელ კარში გაიტანა.

უკრაინელების მეორე გოლი ქართული დაცვის შეუთანხმებელი მოქმედებების შედეგი იყო. იარემჩუკი ორ ცენტრალურ მცველს შორის გაიჭრა და სტუმრები დააწინაურა. და მაინც შესვენებაზე გუნდები 2:2 ანგარიშით გავიდნენ. შორეული დარტყმით გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.

მეორე ტაიმში წვიმა გაძლიერდა, რაც თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ნამდვილად არ უწყობდა ხელს. მიუხედავად ამისა,გუნდებმა კიდევ ერთხელ გაცვალებს გოლები. თავდაპირველად ბურთი ლევან შენგელიამ გაიტანა, ხოლო ბოლო, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე მატჩის ფრე ანგარიში  ზაზა ვაჩიბერიძემ დაადგინა, რომელიც უკრაინის ნაკრებში გამოდის.

„მატჩი სასარგებლო და გაჯერებული გამოვიდა. მართალია, იყო ბევრი შეცდომა და თამაშიც, ამინდივით, გაუგებარი იყო. მაგრამ მე ამას მივაწერ იმას, რომ ამ შემადგენლობით პირველად ვითამაშეთ“, — განაცხადა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიგა გეგუჩაძემ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბრძოლას განაგრძობს. შვიდი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს ცხრა ქულა აქვთ და მეექვსე საკვალიფიკაციო ჯგუფში მეოთხე ადგილი უკავიათ.

U-21 ევრო-2017-ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში შემდეგ გასვლით მატჩს გეგუჩაძის გუნდი სამ ივნისს შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

7