საბურთალო:დინამო

„ცხინვალი“ კვლავ ფრე ანგარიშით ამთავრებს მატჩს, „სამტრედიას“ რვა გოლი გააქვს

3
(განახლებულია 13:28 09.03.2016)
ნოდარ მელაძე

ძირითად კონკურენტებს შორის ფრემ თბილისის „დინამოს“ უფრო მეტად დაწინაურებისა და ჩემპიონობის საკუთარი შანსის ოპტიმიზმით შეფასების საშუალება მისცა.

უგოლო ფრე ცენტრალურ მატჩში
XIX ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს „ცხინვალი“, რომელიც მესამე ადგილზეა და ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი „დილა“ შეხვდნენ.
რა თქმა უნდა, ჩემპიონობის ამბიციებზე საუბარი უკვე აღარ არის. თბილისის „დინამოს“ დაეწიო, უკვე აღარ გამოვა. „ცხინვალისა“ და „დილას“ ძირითადი ამოცანა ევროპის საგზურის მიღებაა, ხოლო ამბიციების გამოვლენის საუკეთესო საშუალება —  დაპირისპირება.

მაგრამ ამჯერად კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა. გულშემატკივრებმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილეს. პირველ ტაიმში უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ, ხოლო მეორეში — სტუმრებს, თუმცა საბოლოო ანგარიშზე ამას არ უმოქმედია. 90 წუთის განმავლობაში ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო მეტოქის კარის აღება და შეხვედრა ანგარიშით  0:0 დამთავრდა, რაც კონკურენტებს აძლევდა კიდეც ხელს.
კონკურენტებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს და „ცხინვალი“ მესამე პოზიციიდან „ჩამოიშორეს“.

„სიონი“ ევროპის ლიგისთვის ბრძოლას აგრძელებს

ბოლნისის „სიონი“ „საპოვნელას“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა. თერჯოლის გუნდის ყველა უბედურებას — სხვაგვარად ვერ ვუწოდებთ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილსა და საკუთარ კარში გაშვებულ 35 ბურთს — მთავარი მწვრთნელის არყოფნაც დაემატა. მატჩის წინა დღეს თანამდებობა დატოვა ზვიად ჯელაძემ და „სიონთან“ თამაშის დროს გუნდს მწვრთნელთა — მამუკა ხუნდაძისა და მირიან გეწაძის დუეტი ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად ფავორიტის სტატუსისა, იმის თქმა, რომ „სიონი“ პირველ ტაიმში სრულ უპირატესობას ფლობდა, არ შეიძლება. სტუმრებმა ორი-სამი მომენტის შექმნა შეძლეს, მაგრამ რეალური საფრთხე მოწინააღმდეგის კარისთვის ამას არ შეუქმნია.

მასპინძლებმა პირველი ტაიმის შუა წუთებში გოლის გატანა მაინც შეძლეს, დანარჩენი მოვლენები კი მეორე ტაიმში განვითარდა.

შესვენების შემდეგ თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მხოლოდ ერთი გუნდი მოქმედებდა. 53-ედან 66-ე წუთის ჩათვლით „სიონმა“ სამი გოლი გაიტანა — დუბლი დიმიტრი ტატანაშვილმა გააფორმა, ხოლო მესამე ბურთი ოთარ კობახიძის ანგარიშზეა. მასპინძლებმა ერთი გოლის გატანა მაინც შეძლეს. თავი გიორგი ბუხაიძემ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი  6 მარტს გამართული შვიდი შეხვედრიდან სტუმრების მიერ გატანილი ერთადერთი გოლია.

ამ გამარჯვების შემდეგ „სიონმა“ „ცხინვალის“ მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა მისი შენარჩუნება ვარლამ კილასონიას გუნდმა მხოლოდ ერთი დღე შეძლო. ამაში „დამნაშავე“ უეფას ევროპის ლიგის კიდევ ერთი პრეტენდენტის — „სამტრედიას“ თამაში გახდა.

„სამტრედია“ თბილისელ სტუმრებს „ანადგურებს“

„სამტრედიისა“ და „საბურთალოს“ შეხვედრამ საანგარიშო ტურის პროგრამა დაასრულა და ერთადერთი მატჩი იყო, რომელიც 7 მარტს გაიმართა.

თამაში მასპინძელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 8:2 დასრულდა და ამჟამინდელი ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო. ლაშა შერგელაშვილმა და დუდუ ზივზივაძემ დუბლი გააფორმეს. სხვა გოლების ავტორები არიან: დავით ჯიქია, გივი იოსელიანი, დაჩი ცნობილაძე და გიორგი დათუნაშვილი.

ამ გამარჯვებამ „სამტრედიას“ მესამე ადგილი მოუტანა, ხოლო „საბურთალომ“ ბოლო სამ მატჩში საკუთარ კარში 17 გოლი გაუშვა და მხოლოდ ორი გაიტანა.

„დინამო“ უფრო დაწინაურდა

რაც შეეხება თბილისის „დინამოს“, საანგარიშო ტურში იარაბეკის გუნდი „მერანს“ შეხვდა, რომელმაც ბოლო სამ ტურში შვიდი ქულა დააგროვა.

„დინამოელებმა“ მარტვილელების წინააღმდეგ დამაჯერებელი მატჩი ჩაატარეს. პირველი ტაიმის შუა მონაკვეთში ანგარიში გიორგი ქვილითაიამ გახსნა, ხოლო შესვენებამდე ცოტა ხნის ადრე საბოლოო ანგარიში ალექსანდრე ამისულაშვილმა დაადგინა.

ამგვარად, „დინამო“ თბილისი „დილას“ უკვე 12 ქულით და „სამტრედიას — 14 ქულით უსწრებს და საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ემზადება.

ბომბარდირთა რბოლას კვლავ გიორგი ქვილითაია ლიდერობს. „დინამოს“ ფორვარდის ანგარიშზე უკვე 16 გოლია და ოთარ მარცვალაძეს „დილიდან“ სამი ბურთით უსწრებს.

XIX ტურის  მატჩების შედეგები:

„გურია“ – „ლოკომოტივი“ – 0:0

„შუქურა“ – „კოლხეთი“ – 1:0

„ცხინვალი“ – „დილა“ – 0:0

„სიონი“ – „საპოვნელა“ – 4:1

„ტორპედო“ — ბათუმის „დინამო“ – 1:0

„ჩიხურა“ – „ზუგდიდი“ – 4:0

თბილისის „დინამო“ – „მერანი“ – 2:0

„სამტრედია“ – „საბურთალო“ – 8:2

საქართველოს ჩემპიონატის XX ტურის მატჩები 11, 12 და 13 მარტს გაიმართება.

3