წყალბურთელთა ნაკრები - პეტრე მშვენიერაძე

"წყლის პელე“, სისხლიანი ანგარიშსწორება აუზში და შვილის ნაჩუქარი ოქროს მედალი

1058

თამაზ ჩიქვანაია

 ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყვნენ და დღესაც საკმაოდ მოიძებნებიან სპორტსმენები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო წარმატებებს არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის სახელით აღწევენ. ამის დასტურად არსენ მეკოკიშვილის, კახი კახიაშვილის, ზანთარაისა და ილიადისის სახელების გახსენებაც საკმარისი იქნება. ენა არ მომიბრუნდება რომელიმე მათგანი დავძრახო ამისთვის, ჯერ ერთი — იმიტომ, რომ ყველას ჰქონდა საკმაოდ არგუმენტირებული საამისო მიზეზი და მეორეც იმიტომ, რომ ისინი ყველგან და ყოველთვის ქართველებად დარჩნენ და მშობლიურ ფესვებს არ მოწყდნენ. 

 ეს წერილი ქართველ მამლუქს ეხება. 1929 წლის 24 მარტს თბილისში დაიბადა. იყო სპორტის დამსახურებული ოსტატი და 10-გზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 15 წლის მანძილზე გამოდიოდა საბჭოთა ნაკრებში და მისი უცვლელი კაპიტანი გახლდათ. სამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. მელბურნში ბრინჯაო, ხოლო რომში ვერცხლის მედალი მოიგო. ასეთივე მონაგარი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატებზეც.  საუბარი წყალბურთის გამოჩენილ ოსტატზე, პეტრე მშვენიერაძეზეა. მისი მიღწევები არც ისე მყვირალაა და ოქროთიც არ არის მოვარაყებული, მაგრამ საქმე შემდეგნაირადაა… მოგეხსენებათ, წყალბურთი კოლექტიური თამაშია და იმ პერიოდში საბჭოთა ნაკრები ის-ის იყო ფეხს იდგამდა. გუნდში უბრალოდ არ იყო მისი კლასისა და მასშტაბის წყალბურთელი და პეტრე მშვენიერაძეც მსოფლიოს საწყალოსნო აუზებში იმ პერიოდის უნგრელებს, იუგოსლავებს, რუმინელებს და სხვების უძლიერეს გუნდებს პრაქტიკულად მარტო ებრძოდა… 

 შემდეგ უკვე მის კვალზე აღზრდილმა თაობებმა შეძლეს და უმაღლესი სინჯის მედლებსაც გაუსინჯეს გემო, იმ ოქროს მედალოსნებში მშვენიერაძის გვარიც ფიგურირებდა. ოღონდ ეს უკვე ბატონი პეტრე კი არა, მისი შვილები — ნუგზარი და გიორგი იყვნენ.

  მელბურნში, წყალბურთელთა შეჯიბრზე მოხდა ინციდენტი, რომელსაც შემდეგ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მიეცა. ოლიმპიადაზე საბჭოთა სპორტსმენები თბომავალ „გრუზიათი“ ჩავიდნენ და რადგან საბჭოთა კავშირს ავსტრალიასთან დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ არ ჰქონდა, ოლიმპიური სოფლის მაგივრად მონაწილეებიცა და მწვრთნელებიც გემზე ცხოვრობდნენ. მოგეხსენებათ, 1956 წელს უნგრეთში საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა, ბუდაპეშტში საბჭოთა ტანკები შევიდნენ და მსხვერპლიც იყო. ისე მოხდა, რომ ნახევარფინალში ერთმანეთს სწორედ საბჭოთა და უნგრელი სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. 

 ამ შემთხვევას ნაკრების მეკარე ბორის გოიხმანი ასე იხსენებს: „მეორე პერიოდში, როცა ანგარიში 3:0 იყო უნგრელთა სასარგებლოდ, მოწინააღმდეგემ რატომღაც გადაწყვიტა მარტო სპორტული გამარჯვებით არ დაკმაყოფილებულიყო და მათმა კაპიტანმა, დეჟე დიარმატიმ მოულოდნელად პეტრეს მთელი ძალით სახეში მუშტი ჩაარტყა და ცხვირი გაუტეხა, დღემდე გაოცებული ვარ, როგორ მოუთმინა მას მშვენიერაძემ, რომლის ქართული ტემპერამენტი ჩვენთვის კარგად იყო ცნობილი. მის გალახვას დიარმატი კი არა, უნგრეთის მთელი ნაკრებიც ვერ მოახერხებდა, მაგრამ  ჩვენმა კაპიტანმა გადაწყვიტა, გუნდი არ დაეღალატებინა და არ უპასუხა. თუმცა ამ ინციდენტს სხვა უნგრელებიც აყვნენ და აუზში გუნდური ჩხუბი ატყდა.“

 ის შეხვედრა ჩაიშალა, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ საბჭოთა ნაკრებს წაგება ჩაეთვალა და გუნდმა მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. 

 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიური თამაშების დღეებში, ბატონ პეტრესთან შინ სტუმრობის ბედნიერება მხვდა წილად. აქ ჩემმა გვარმაც გარკვეული როლი ითამაშა, რადგან იმ პერიოდში ცნობილი წყალბურთელი, გივი ჩიქვანაია მისი მეგობარი გახლდათ. ბატონი პეტრეს მეუღლემ, ქალბატონმა ნათელამ, სახელდახელო ვახშამზე მიგვიწვია და ორი თუ სამი საათის მანძილზე ბევრი ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, გოიხმანის არ იყოს, მეც ძალიან მაინტერესებდა, როგორ ან რატომ მოუთმინა მაშინ იმ უნგრელს და აი, ასეთი პასუხი მივიღე: სინამდვილეში არაფერიც არ მომითმენია, სისხლი რომ წამსკდა, ეგრევე დიარმატისკენ გავცურე, მაგრამ გამექცა, აუზიდან ამოვიდა და გასახდელში შემასწრო. რომ დამეჭირა, ნაღდად იმ აუზში დავახრჩობდი. რაც შეეხება იმ გუნდურ ჩხუბს, არც დამინახავს. მაშინ მხოლოდ იმ დიარმატის ვხედავდი, რომელიც ისედაც არ მიყვარდა, რადგან აუზში ყველა ხერხით ცდილობდა ჩემს შეჩერებას… რაღა დაგიმალოთ და, ბატონი პეტრესი უფრო მჯერა, ვიდრე გოიხმანის.

   ამ ამბებიდან 15 წლის მერე ერთმა ამერიკულმა ტელეკომპანიამ იმ სისხლიანი მატჩის მონაწილეები ბუდაპეშტში მიიწვია. საბჭოთა გუნდიდან  უნგრეთში ჩავიდნენ: პეტრე მშვენიერაძე, იური შლიაპინი, ბორის მაკაროვი და ვიქტორ აგეევი, უნგრელთა გუნდიდან ისინიც კი მოვიდნენ, ვინც მელბურნის ოლიმპიადის შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნდა და კარიერა სხვადასხვა ქვეყნებში გააგრძელა. როდესაც სტუდიაში მშვენიერაძე შევიდა, უნგრელები ფეხზე წამოდგნენ, მათი კაპიტანი მარკოვიჩი კი ბატონ პეტრეს გადაეხვია და ატირდა. აქვე იყო ის ერვინ ზადარიც, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა და ვისი სისხლიანი ფოტოსურათიც ლოზანის ოლიმპიურ მუზეუმში დღესაც გამოფენილია. არ ჩამოვიდა მხოლოდ დეჟე დიარმატი…

 ისევ ბატონ პეტრესთან სახლში გადავინაცვლებ. გამომშვიდობებისას მან თავის ოთახში შემიყვანა, სადაც უამრავ ჯილდოში ერთი ოქროს მედალი გამოარჩია და მითხრა: ეს ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედალი სამი დღის წინ ჩემმა ვაჟმა გიორგიმ მოიგო, ტრიბუნაზე ამოვიდა, მე ჩამომკიდა და მითხრა: „მამა, ეს მედალი შენია, ყველაფრისთვის დიდი მადლობა“.

 ეს უკვე ასაკში შესული მამის სიამაყის გამოვლინება იყო და ამის უფლება ჰქონდა კიდეც. არც ერთ მწვრთნელს არ მიუცია ნუგზარ და გიორგი მშვენიერაძეებისთვის უფრო მეტი, ვიდრე ეს გააკეთა მამამ, გნებავთ, რჩევა-დარიგებით და გნებავთ, თავისი განვლილი სპორტული გზით.

  სამწუხაროდ, ეს ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა გამოდგა. 2003 წელს გაზეთებიდან შევიტყვე, რომ ქართული და მსოფლიო წყალბურთის ლეგენდა, "წყლის პელედ“ მონათლული პეტრე მშვენიერაძე ლეიკოზით გარდაიცვალა, თურმე მისი მომრევი ძალაც ყოფილა…

 

 

1058
საქართველოს რაგბის ნაკრების ვარჯიში

ლევან მაისაშვილი: „პორტუგალიასთან საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს“

11
(განახლებულია 13:47 06.03.2021)
მატჩი პორტუგალიასა და საქართველოს შორის მეტოქეთა დაპირისპირების ისტორიაში რიგით 22-ე გახდება, აქედან ქართველებმა 15-ჯერ გაიმარჯვეს

თბილისი, 6 მარტი - Sputnik საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მიიჩნევს, რომ მატჩი პორტუგალიასთან, რომელიც ლისაბონში წლევანდელი გათამაშების ევროპის ერთა თასის ფარგლებში გაიმართება, საინტერესო უნდა იყოს. ამის შესახებ „ბორჯღალოსნების“ თავკაცმა კაპიტნების ვარჯიშის შემდეგ განაცხადა.

„ნებისმიერ თამაშს ძალიან მონდომებით და ყურადღებით ვეკიდებით, თუმცა ის ფაქტი, რომ საკვალიფიკაციო წელიწადია, პასუხისმგებლობას აორმაგებს და ეს თამაში მეტად საპასუხისმგებლოა ჩვენთვის. სხვადასხვა თამაშზე შეიძლება გვქონდეს ექსპერიმენტი შემადგენლობის მხრივ, მაგრამ ამან არ უნდა დააზიანოს პროცესი. ამ თამაშისთვის დაბალანსებული გუნდი დავაყენეთ, გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავი. ვფიქრობ, რომ ლისაბონში საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

Главный тренер сборной Грузии по регби Леван Маисашвили
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი

მომავალი მეტოქე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც დაახასიათა.

„პორტუგალია რაც დაბრუნდა ჩვენს დივიზიონში (უმაღლესი - რედ.), ბევრად უკეთესი გახდა. ცდილობენ რომ სწრაფად ითამაშონ, თამაში ამაზე აქვთ აგებული. ცდილობენ რომ შეცდომები დააშვებინონ მოწინააღმდეგეს და ეს შეცდომები გამოიყენონ, რაც წინა წელს საკმაოდ კარგად გამოუვიდათ. წელს იმედი გვაქვს და მზად ვართ, რომ ასეთი შეცდომები აღარ დავუშვათ და ასეთი მარტივი ქულები აღარ ვაჩუქოთ. ეს თამაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოა, მაგრამ ამაზე დიდი ფოკუსირება არ ყოფილა იმიტომ რომ ეს თამაში ყველა შემთხვევაში უნდა მოვიგოთ“, - განაცხადა შარიქაძემ.

Капитан сборной Грузии по регби Мераб Шарикадзе
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე

მატჩი პორტუგალიასა და საქართველოს შორის მეტოქეთა დაპირისპირების ისტორიაში რიგით 22-ე გახდება. „ბორჯღალოსნებმა“ 15-ჯერ მოიგეს, 4-ჯერ წააგეს და ორი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

თამაში დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 

11
ჯაბა პაპინაშვილი

ძიუდო: ტაშკენტის გრანდ სლემის მეორე დღე საქართველოსთვის კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა

5
გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღეს საქართველოს სახელით სამი ძიუდოისტი გამოვიდა. ხვალ ჩვენი ქვეყნის ღირსებას კიდევ ხუთი სპორტსმენი დაიცავს.

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა მეორე საჭიდაო დღეც უმედლოდ დაასრულეს.

საქართველოს სახელით მოასპარეზე ფრიდონ გიგანმა (73კგ) სლემზე ასპარეზობა ყირგიზ ძიუდოისტთან მოგებით დაიწყო. სამწუხაროდ მეორე ორთაბრძოლა ქართველმა ძიუდოისტმა ბელგიელ სპორტსმენთან დათმო და ტურნირს ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა. რაც შეეხება გიორგი შერაზადაშვილს (81კგ), მან პირველივე დაპირისპირება ტაჯიკ მეტოქესთან წააგო.

ტაშკენტის გრანდ სლემზე დღეს ქართველი ქალი ძიუდოისტი მარიამ ჭანტურიაც გამოვიდა (70კგ), რომელმაც პირველი შეხვედრაში უზბეკ მოწინააღმდეგეს აჯობა, თუმცა შემდეგ ეტაპზე იაპონელ ძიუდოისტთან ვერაფერს გახდა და სლემს ისიც ნაადრევად გამოეთიშა.

ხვალ, ტურნირის ბოლო საჭიდაო დღეს საქართველოსთვის პირველი მედლის მოპოვებას ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ) და უშანგი მარგიანი (90კგ) შეეცდებიან. ასევე 100 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩიქოვანი, ხოლო მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილი გამოვლენ. რაც შეეხება ქალთა თანრიგს, საქართველოს სახელით სოფიო სომხიშვილი (78კგ) იასპარეზებს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ვერც გუშინ მოახერხა მედლების მოპოვება. ჩვენი ქვეყნის სახელით ტურნირის პირველ საჭიდაო დღეს ჯაბა პაპინაშვილი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი წარსდგნენ. ისინი მსგავსად დღევანდელი მონაწილეებისა შეჯიბრებას ნაადრევად გამოეთიშნენ.

5