მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა

ვინ აგრძელებს ჯუმბერ ლეჟავას გზას

85
(განახლებულია 15:29 15.11.2015)
ნოდარ ბერიძის პროექტი ევროპის, აზიისა და აფრიკის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, განზრახულია, რომ 850 დღეში დაიფაროს 50 000 კილმეტრზე მეტი მანძილი, ანუ 3500 დაბა და სოფელი. ნოდარ ბერიძე ვარაუდობს, რომ ამ ტურში 10 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, აუდიტორია 500 მილიონზე მეტი იქნება.

 ნინო ცხოიძე

 საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ყველა ერთისათვის“ თავმჯდომარე ნოდარ ბერიძე, ლეგენდარული ველომრბოლელის, მსოფლიო რეკორტსმენის, გინესის წიგნის 18 გზის ჩემპიონის, ჯუმბერ ლეჟავას გზას დაადგა. ექსტრემალური თავგადასავლებით განთქმული მსოფლიო ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და  სხვადასხვა ქვეყნებში მისი ჩასვლაც სახალხო დიპლომატიის თავისებურ, ორიგინალურ ფორმას წარმოადგენდა. სამწუხაროდ,  ბატონი ჯუმბერი ახალი პროექტის,  უკრაინაში დაგეგმილი ველოტურის „ყველა მშვიდობისათვის“ სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ  გარდაიცვალა. 

 ეს მისია მაშინ მისმა თანამოაზრემ და პარტნიორმა, ნოდარ ბერიძემ იტვირთა და უკრაინაში დაგეგმილ ველოტურში მონაწილეობისთვის მარტო გაემგზავრა. მას შემდეგ 5 მარშრუტი აითვისა, რომლის დროსაც ახალი თანამოაზრეები და მეგობრები გაიჩინა. მიღებულმა გამოცდილებამ ის ახალი ტურების ჩასატარებლად განაწყო. 

 ნოდარ ბერიძემ ველოტურის გეორგაფია ბევრად გააფართოვა და დღეს ცდილობს, რომ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება სახელმწიფო დონეზე აიყვანოს. ამისათვის ნოდარ ბერიძეს შეხვედრები აქვს როგორც მთავრობის, ისე ბიზნესის წარმომადგენლებთან. 

 ნოდარ ბერიძის პროექტი ევროპის, აზიისა და აფრიკის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, განზრახულია, რომ 850 დღეში დაიფაროს 50 000 კილმეტრზე მეტი მანძილი, ანუ 3500 დაბა და სოფელი. ნოდარ ბერიძე ვარაუდობს, რომ ამ ტურში 10 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, აუდიტორია 500 მილიონზე მეტი იქნება. ასევე დაგეგმილია საინტერესო შეხვედრები, ტელე-გადაცემები, რეგულარული ჩართვები, რაც ამ საერთაშორისო ტურნირს უფრო საიტერესოს გახდის. ნოდარ ბერიძე თავის მისიას ხედავს მშვიდობისა და ტოლერანტობის პროპაგანდაში, რაც გაეროს მშვიდობის დესპანისა და ბუნების დაცვის ელჩის, მსოფლიო სპორტსმენის, ჯუმბერ ლეჟავას დაწყებული საქმის გაგრძელებას და მისი სახელის უკვდავყოფასაც ემსახურება. თავად ნოდარ ბერიძე  ამ საქმით დაინტერესებას ასე გვიხნის:

 "2012 წელს გავიცანი არაჩვეულებრივი და განუმეორებელი პიროვნება,- ჯუმბერ ლეჟავა, მისი პროექტებით მაშინვე დავინტერესდი და ერთობლივი ტურებიც დავგეგმეთ. სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოს 17 დღიანი ტური განვახორციელეთ, რაც მასთან გამოსამშვიდობებელი აღმოჩნდა. ნახევარი წელი დასჭირდა, რომ როგორც მენეჯერი და დამხმარე მის რიგებში მივეღე. მოგეხსენებათ, ასე ადვილად არავის იკარებდა. მის გარდაცვალებამდე დაგეგმილი იყო უკრაინის ველოტური და საორგანიზაციო საქმეებიც მოგვარებული იყო. თითქმის ყოველდღიური შეხვედრებით, ყოველდღიური ურთიერთობით ეს მუხტი მეც გადამდო. მისი გარდაცვალების შემდეგ, უკრაინაში ჩასვლა მარტოს მომიწია.მიზნად დავისახე, რომ მისი დაწყებული საქმე როგორმე გამეგრძელებინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს უკრაინაში უკვე დაძაბული ვითარება იყო.

 ველომბრბოლელები ჯუმბერ ლეჟავა და ნოდარ ბერიძე
ნოდარ ბერიძე
ველომბრბოლელები ჯუმბერ ლეჟავა და ნოდარ ბერიძე

-ბატონო ნოდარ, თქვენი ველოტურის დროს ხომ არ გქონიათ სახიფათო მომენტები, მითუმეტეს, რომ გამოუცდელი იყავით?

-რა თქმა უნდა, მოგზაურობა სახიფათოც იყო და კურიოზულიც, იყო შემთხვევა, როცა უწყლოდაც დავრჩი დიდ მანძილზე და ხუთკილოგრამიანი საზამთრო ერთბაშად ავითვისე, არც მეყო… მაგრამ ღვთის წყალობით, მშვიდობიანად დავბრუნდი. მართალია, მე არ ვიყავი ველომრბოლელი და ამიტომაც გამიჭირდა. მე 45 წლის ვარ და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა, სხვებსაც ვუთხრა, რომ ორიენტირად ისევ ბატონი ჯუმბერ ლეჟავა ავიღოთ, რომელიც 53 ასაკში ველოსიპედზე პირველად დაჯდა. ეს იყო 1993 წელს და მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზულ, ფათერაკიან  ველომოგზაურობაში გაემგზავრა. მეკითხებიან,  შენც ხომ არ გარისკავ ამ მარშუტის გავლასო? მე ვამბობ, არავითარ შემთვევაში, თუნდაც, ათასმა კაცმა გაიაროს ამ გზაზე. თან გაიხსენეთ, რომ მაშინ არ არსებობდა ინტერნეტი, მობილური კავშირი და არანაირი დაზღვევა. ის მარტო მიდიოდა და რამდენი რამ გადაიტანა, ბოლოს ამ ყველაფრის შესახებ წიგნიც დაწერა. საზოგადოება უფრო კარგად უნდა გაიცნოს ბატონი ჯუმბერი და ჩვენს პროექტში ისიც არის ჩადებული,  რომ მისი მუზეუმი გაიხსნას.

- უკრაინის ტურის შემდეგ, როგორც ჩანს, აზარტში შეხვედით და ვეღარ ჩერდებით…

- დიახ, უკრაინის 2,5 თვიანი, 5 ათას კილომეტრიანი ტურის შემდეგ იყო ტური, რომლის დროსაც თბილისიდან სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საზღვრებამდე  ჩავედი,  მოგვიანებით, საქართველოს,  მერე კი კავკასიის ველოტურიც განვახორციელე. მეხუთე ტური ისევ უკრაინაში განმეორდა, იგივე მარშრუტით. დეკემბერში დაგეგმილია 580 კილომეტრიანი მარშრუტი, წითელი ხიდიდან ენგურის ხიდამდე. „მშვიდობის და მეგობრობის ხიდი“ დავარქვით ამ ველოტურს, რომელიც ერთკვირიანი იქნება. ჩვენ შევალთ ახალგორში და ერგნეთამდეც მივალთ. შემდგომში, ყველაზე გრანდიოზული, 850 დღიანი ველოტური იგეგმება, რომელიც სტარტს 2016 წლის იანვარში აიღებს. ამით ჩვენ, ისევ ჯუმბერ ლეჟავას და საქართველოს სახელით, უკვე ინტერნეტხანაში   სერიოზულ სიტყვას ვიტყვით. რაც დღეს კეთდება, ეს ყველა ქართველისთვის საამაყო იქნება. ბუნებრივია, ახლაც ველოდები ფათერაკებს, მაგრამ მეამაყება, რომ ჯუმბერ ლეჟვასნაირი ბუმბერაზი ადამიანის კვალს დავადექი. ამდენად, უკან დახევა შეუძლებელია.

- ბატონო ნოდარ, ისევ მარტო აპირებთ გამგზავრებას, თუ  სხვებიც აიყოლიეთ?

- ამჯერად მზადყოფნა გამოთქვეს ლეგენდარულმა ვეტერანმა ველოსპორტსმენებმა. მათთან დაკავშირება ინტერნეტით მოვახერხე. მინდა ჩვენი ქართველობა სადაც იქნება, იქ ჩავიდე და შეძლებისდაგვარად, ყველას მივეფერო, ყველგან მივიტანო ჩვენი ქართული, ადამიანური სითბო. ყველა ქვეყნის, ქალაქის და დაბის, თუ სოფლის ჩამოთვლა, ალბათ, შორს წაგვიყვანს. ამდენად, იმედია, დროდადრო, მედია საშუალებებით გაშუქდება ამ ტურის ყველა მონაკვეთი. ამას გარდა, იდეაში მაქვს, მთავრობას შევთავაზო პროექტი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები, განსაკუთრებით, დამამთავრებელი კლასის ახალგაზრდები, ბოლო ზარის შემდეგ მიიღებენ მონაწილეობას და საქართველოს ულამაზეს კუთხეებს ველოსიპედებით დალაშქრავენ. კარგი იქნება, თუ ველოტურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უცხოელებისთვისაც დავგეგმავთ. ჩემი იდეები ბატონმა ჯამლეტ ხუხაშვილმაც მოიწონა და მთავრობის წარმომადგენლებთან შუამავლობასა და  მხარდაჭერას დამპირდა. ჩემი მიზანია, ჯუმბერ ლეჟავას პიროვნების ფართოდ პოპულარიზაცია და საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პროპაგანდა. მითუმეტეს, რომ ამ მოკლე დროის მანძილზე, ველოსიპედით მოძრაობის სასიკეთო შედეგი საკუთარ თავზე გამოვცადე. თუკი ადრე 125 კილო ვიყავი, ახლა 105კილო ვარ და ვგრძნობ, რომ ბევრად უკეთეს ფორმაში ვარ. 

 ამჯერად ნოდარ ბერიძე დაგეგმილი ტურების განსახორციელებლად დაფინანსებაზე პასუხს მთავრობისგან ელოდება. იმედოვნებს, რომ მის მნისვნელოვან მისიას მთავრობა ჯეროვნად შეაფასებს და მხარდაჭერასაც აღმოუჩენს.


85