1964 წელი ფეხბურშის მატჩი საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდებაზე

ოქროს მატჩის შემდეგ ,,ოქროს ბიჭებთან“ ერთად!

72

 თამაზ ჩიქვანაია

 18 ნოემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა. ზუსტად 51 წლის წინ  თბილისის „დინამომ“ პირველად თავის ისტორიაში უდიდეს გამარჯვებას მიაღწია. 

 იქნებ ვინმე შემედავოს, მაგრამ ვფიქრობ, მომავალი აღმასვლის საწინდარი სწორედ ეს წარმატება გახდა. იმ დროს 13 წლის გახლდით, თუმცა ყველაფერი შესანიშნავად მახსოვს, რადგან ბედად, დაუვიწყარი ოქროს მატჩის ერთ-ერთი თვითმხილველი ვარ. მამაჩემი გაზეთ „სახალხო განათლებაში“ მუშაობდა, ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული იმ ამბავს ვერაფრით დაუშვებდა, რომ ტაშკენტის მატჩს არ დასწრებოდა. ჩემი იქ წასვლა კი ერთმა შემთხვევამ გადაწყვიტა. იმ დროს უზბეკეთის დედაქალაქისკენ დღეში ერთი რეისი სრულდებოდა, სპეციალურად ამ შემთხვევისთვის 14 ნოემბიდან 5 რეისი დაუშვეს. 14 ნოემბერს ჩვენს სახლში ტაშკენტში წამსვლელები შეიკრიბენ. ცოტა წაიქეიფეს და მეორე დღის გეგმები დააწყვეს. ცნობილმა ქართველმა კარიკატურისტმა გიგლა ფირცხალავამ შეამჩნია, რომ ოთახის კუთხეში გაბუსხული ვიჯექი და მაგიდას არ ვეკარებოდი (სხვაგან ვერსად წავიდოდი, რადგან ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით). დამიძახა და მკითხა, რაშია საქმე, ჩვენთან რატომ არ მოდიხარო. სათქმელი გულახდილად მოვახსენე: სადაური სამართალია, მე, მომავალი ფეხბურთელი (მაშინ ასე მქონდა გადაწყვეტილი) თბილისში ვრჩები და თქვენ კი — თამაშზე დასასწრებად მიდიხართ-მეთქი. უეცრად ბატონი გიგლა მამას მოუტრიალდა და ეუბნება: ლევან, ბავშვი მართალია, ცხოვრებაში ჩემს თავს ვერ ვაპატიებ, ეს რომ აქ დავტოვოთო; მალე დანარჩენებმაც აუბეს მხარი და დედის პროტესტის მიუხედავად, ისტორიული გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს. დღემდე ვლოცავ პაპაჩემის დაწურულ საოცარ ღვინოს, რომლის დამსახურებადაც მიმაჩნია ეს დაუვიწყარი ვერდიქტი. 

 15 ნოემბერი ჩემს მეხსიერებაში ორი მნიშვნელოვანი სიახლით შემორჩა: პირველად ვიჯექი თვითმფრინავში და საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად გავედი. ტაშკენტში დამატებითი მატჩის გამართვა რამაც განაპირობა, ყველამ კარგად იცის, მაგრამ რატომ ტაშკენტი?— ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გავიგე. როგორღაც ბატონ ნუგზარ ფოფხაძესთან სპორტულ თემაზე საუბრისას გიორგი სიხარულიძის სახელი ამოტივტივდა, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს სპორტკომიტეტს ხელმძღვანელობდა. ბატონმა ნუგზარმა გაიხსენა, რომ „სიხოსთან“ (ასე იცნობდნენ მას სპორტულ სამყაროში) სწორედ იმ დროს იმყოფებოდა, როდესაც მოსკოვიდან დაურეკეს და ოქროს მატჩის ჩატარების ადგილი დაუსახელეს, თუმცა ეს სულაც არ იყო ტაშკენტი.

 საკავშირო ორგანოში გადაწყვიტეს შეხვედრა ლენინგრადში შემდგარიყო. გიორგი სიხარულიძეს კატეგორიული უარი უთქვამს და ალტერნატიულ ვერსიად ქუთაისი შეუთავაზებია:  რაც ლენინგრადია მოსკოველებისთვის, იგივეა ქუთაისი ქართველებისთვისო. ხანგრძლივი პოლემიკის შემდეგ ისევ ჩვენებურს უძალია და ნეიტრალურ მასპინძლად შუა აზია შეუთავაზებია.

 ასე აღმოვჩნდი მე და კიდევ 10 000 ქართველი უზბეკეთის დედაქალაქის „ფახთაქორის“ სტადიონზე. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი ლევ ფილატოვი, რომელიც „სპარტაკის“ გულშემატკივარი გახლდათ. მახსოვს, მან ასე ბრძანა: ნამდვილად არ მეწყინება თუ დღეს „დინამო“ მოიგებს, მათ ეს ისტორიულად დაიმსახურესო. „ისტორიული“ რა შუაში იყო, ამას მხოლოდ მრავალი წლის მერე მივხვდი, როცა გავიგე, რომ,,დინამოელები“  რამდენჯერმე უსამართლოდ დაჩაგრეს და დამსახურებული ჯილდოები ლამის ჯიბიდან ამოაცალეს. 

იმ შეხვედრის პერიპეტიების მოყოლა, მგონი, საჭირო არ არის. უზომოდ გახარებული ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მთავარი ბედნიერება წინ მელოდა. იმავე ღამეს უკან, უკვე „ოქროს ბიჭებთან“ ერთად ვიმგზავრეთ და ბევრ მათგანს ხელითაც შევეხე იმაში დასარწმუნებლად, რომ სიზმარში არ ვიყავი. უზბეკური ქუდი, რა თქმა უნდა, ტაშკენტშივე შევიძინეთ, მაგრამ თვითმფრინავში შოთა იამანიძემ მის წინ მდგარი, უაზროდ რომ მივშტერებოდი, თავზე კიდევ ერთი ეგზემპლარის ჩამოფხატებით გამომაფხიზლა. არასდროს დამავიწყდება თბილისის აეროპორტში მოსული ზღვა ხალხი, მსგავსი რამ მხოლოდ 17 წლის შემდეგ ვნახე, როდესაც,,თბილისის დონამომ“ დიუსელდორფიდან ევროპის თასების თასი ჩამოიტანა… 

 

 

72