საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესპანელ თანატოლებთან წააგო

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო–ესპანეთის მატჩის პარალელურად, ხორვატებმა სტუმრად სან–მარინოს დამაჯერებელი ანგარიშით – 3:0 სძლიეს და მე–6 შესარჩევ ჯგუფში თავისი ლიდერობა გაიმყარეს. ესპანელები მეორე ადგილზე გადავიდნენ, საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც სამ თამაშში სამი ქულა აიღო – მეოთხეზე გადაინაცვლა.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში ესპანელებთან ანგარიშით 2:5 წააგო.

თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაწყებისთანავე მწვავედ წარიმართა. სტუმრებმა გოლი უკვე მეორე წუთზე გაიტანეს.

შემდეგ შეტევაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მათე ცინცაძემ საჯარიმო დარტყმის შემდეგ წონასწორობა აღადგინა.

პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა. მე–60 წუთზე საბა ლობჟანიძემ მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ ალექსანდრე ჩივაძის გუნდის სიხარული მხოლოდ წუთნახევარი გაგრძელდა – მარკო ასენსიომ ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

ამ მომენტიდან საქართველოს ნაკრები თითქოს „გამოეთიშა“ თამაშს, დარჩენილ ნახევარ საათში საკუთარ კარში კიდევ სამი ბურთი გაუშვა. ესპანელთა რიგებში თავი გამოიჩინეს ბორხა მაიორალმა, დანი სებალიოსმა და მუნირმა. 

„ადრეც ვთქვი და გავიმეორებ – თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკური მომზადება ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. თუ ფიზიკურად მომზადებული არ ხარ, ტაქტიკა და სტრატეგია ყოველგვარ აზრს კარგავს“, – ასეთი კომენტარი გააკეთა დამარცხების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ.

 „ყველამ ვნახეთ, რომ სანამ ახალგაზრდებს ძალა ეყოთ, თანაბრად თამაშობდნენ ისეთ მოწინააღმდეგესთან, როგორიც ესპანეთია. მაგრამ მეორე ტაიმში ცხადად გამოჩნდა სხვაობა ფიზიკურ მომზადებაში, რაც საბოლოოდ აისახა კიდეც ანგარიშზე“, – დასძინა ჩივაძემ.

საქართველო–ესპანეთის მატჩის პარალელურად, ხორვატებმა სტუმრად სან–მარინოს დამაჯერებელი ანგარიშით – 3:0 სძლიეს და მე–6 შესარჩევ ჯგუფში თავისი ლიდერობა გაიმყარეს. ესპანელები მეორე ადგილზე გადავიდნენ, საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც სამ თამაშში სამი ქულა აიღო  – მეოთხეზე გადაინაცვლა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისში, 13 ოქტომბერს ჩაატარებს. მეტოქე ესტონეთის გუნდი იქნება. ამავე დღეს ესპანელები საკუთარ მოედანზე შვედებს მიიღებენ.

 


ყველა ახალი ამბავი
0