ზვიად სიჭინავა: პირველ რიგში, ბილეთები ქართველ გულშემატკივარს უნდა შეხვდეს

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialზვიად სიჭინავა
ზვიად სიჭინავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც სიჭინავამ განაცხადა, მას არ აინტერესებს როგორ გაიყიდება ბილეთები სხვა ქვეყნებში. პირველ რიგში, ბილეთები ქართველ გულშემატკივარს უნდა შეხვდეს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. უეფას სუპერთასის მატჩზე ბილეთების გაყიდვის პროცესში რამდენიმე კომპანიის ჩართვა იგეგმება, რათა თითოეულ გულშემატკივარს ბილეთის შეძენის საშუალება ჰქონდეს, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

”უეფას ჩვენს ”საკომუნიკაციო სტრატეგიას” და პრობლემის ჩვენეულ ხედვას შევთავაზებთ. მზად ვართ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენოთ. ბილეთების გაყიდვაში რამდენიმე კომპანიას ჩავრთავთ, რომ თითოეულ გულშემატკივარს ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა ჰქონდეს”, — განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

მას შემდეგ, რაც უეფა სფფ-ის შეთავაზებულ სტრატეგიას შეისწავლის, გადაწყდება სად და როგორ გაიყიდება ბილეთები. სავარაუდოდ, ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი 24 ათასი ბილეთი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გაიყიდება.

”მე არ მაინტერესებს, სხვა ქვეყნებში როგორ გაიყიდება ეს ბილეთები. პირველ რიგში, ბილეთები ქართველ გილშემატკივარს უნდა შეხვდეს. მე მივმართე უეფას თხოვნით, რომ ქართველ გულშემატკივრებზე ბილეთების 80% გამოიყოს”, — განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, კომპანია biletebi.ge-მ უეფას ბილეთების რეალიზაციის სტრატეგია თავად შესთავაზა. 

”ჩემდა სამწუხაროდ, უეფამ შეარჩია და ენდო კომპანია biletebi.ge-ს. ჩვენ (სფფ-მ) ასევე შევიძინეთ პროგრამა, რომელიც ბილეთების გაყიდვის საშუალებას იძლევა, რომელიც საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის მატჩში გამოვცადეთ”, — აღნიშნა სფფ-ის პრეზიდენტმა.

ზვიად სიჭინავამ ასევე აღნიშნა, რომ სფფ-მ უეფას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფედერაცია მზად არის გაყიდოს ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების კვოტა, მაგრამ უარი მიიღო იმ მოტივით, რომ უეფას მეტი გამოცდილება აქვს მსგავს საკითხებში.

ბილეთების გაყიდვა უეფას სუპერთასის მატჩზე ვებგვერდ biletebi.ge-ზე  22 ივნისს დილის 9:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ვებგვერდის სერვერებმა ბილეთების შეძენის მსურველთა უზარმაზარ ნაკადს ვერ გაუძლო. უეფამ, სფფ-ის წარმომადგენლებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, პრობლემის აღმოსაფხვრელად biletebi.ge-ს 48 საათიანი ვადა მისცა, მაგრამ ვებგვერდმა ბილეთების გაყიდვის დაწყება მაინც ვერ შეძლო.

 


ყველა ახალი ამბავი
0