უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 12:30 საათიდან დაიწყება

© courtesy of UEFAუეფას სუპერთასი
უეფას სუპერთასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ დღის პირველ ნახევარში ბილეთების გაყიდვა არ დაიწყება, ამას უეფას მხრიდან გარკვეული სანქციები, ალბათ, მოჰყვება, მიიჩნევს სუპერთასის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა სამშაბათს, 23 ივნისს 12:30 საათიდან იგეგმება. „დინამო არენაზე“ ერთმანეთს ”ბარსელონა” და ”სევილია” დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ ვებგვერდ biletebi.ge–ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

”ყველა ტექნიკური ხარვეზი გამოსწორებულია. სისტემამ შიდა ტესტირება გაიარა და ამ დროისთვის ყველა პრობლემა მოგვარებულია. ვებგვერდი მუშაობის განახლებას 13 საათიდან გეგმავს”, — აღნიშნა გიორგი ჩხიკვიშვილმა.

”მთელი ღამის განმავლობაში biletebi.ge-ს სპეციალისტებს ხარვეზების აღმოფხვრაში უეფადან მათი კოლეგები ეხმარებოდნენ, რომლებსაც ვებგვერდზე საკუთარი ლინკები აქვთ. ამ ეტაპზე საუბარი არ არის იმაზე, რომ ბილეთების გაყიდვა სადმე სხვაგან მოხდება”, — განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

უეფა biletebi.ge-ს წინააღმდეგ გამოიყენებს თუ არა რაიმე სახის სანქციებს, ჯერჯერობით უცნობია.

”სანქციებზე გადაწყვეტილება  უეფას წარმომადგენლებმა და მხოლოდ მათ უნდა მიიღონ. ამ დროისთვის ისინი ელოდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები და ვფიქრობ, თუ დღის პირველ ნახევარში ბილეთების გაყიდვა არ დაიწყება, ამას გარკვეული სანქციები, ალბათ, მოჰყვება. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ — ეს გადაწყვეტილება მხოლოდ უეფამ უნდა მიიღოს”, — განაცხადა უეფას სუპერთასის საოგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლაშა დვალიშვილმა.

სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს დილის 9 საათიდან ვებგვერდზე biletebi.ge უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მსურველთა მოზღვავებული რაოდენობის გამო, ვებგვერდი დაიბლოკა.

უეფას სუპერთასის მატჩი თბილისში 11 აგვისტოს გაიმართება. ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ”ბარსელონა” და უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებული ”სევილია” შეხვდებიან.

 


ყველა ახალი ამბავი
0