ცერცვაძე:  ვაქცინირებულ პირებს  COVID-19 იოლ ფორმებში გადააქვთ

© AP Photo / Jeff Robersonვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
გამოწერა
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. პირებს, რომელთაც ვაქცინა სრული ორი დოზით აქვთ მიღებული, კორონავირუსი იოლ ფორმებში გადააქვთ, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ. 
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
მომდევნო კვირა კრიტიკული იქნება – გაბუნია შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე
ცერცვაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში დღეს არსებული ნებისმიერი ვაქცინა COVID-19-ის გართულებებთან მიმართებით ეფექტურია.
„მოსახლეობის მხრიდან Pfizer-ის ვაქცინაზე დიდი მოთხოვნილებაა. საზოგადოებას მივმართავ, ნუ ჩაიციკლებიან მხოლოდ ამ პრეპარატზე და ნებისმიერი ვაქცინით ჩაიტარონ აცრა. ვერ ვიტყვი, რომ ჩინური წარმოების ვაქცინებით აცრილ პირებში დაავადება უფრო რთულად მიმდინარეობს. ავიცრათ ნებისმიერი ვაქცინით“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა.
რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებულთა წილი მხოლოდ 0.19%-ია – დაავადება უმეტესწილად მიმდინარეობს  უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ვაქცინირებულთა მხოლოდ 4%-ს. ორი დოზით აცრილთა შორის კი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ. 1 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ერთ დღე-ღამეში აიცრა 13.792 ადამიანი. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%.
ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ პიკი არ არის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
ამ დროისთვის საქართველოში 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია პრეპარატ Pfizer–ით მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer–ს, AstraZeneca–ს, Sinopharm–სა და Sinovac–ის შორის.
ყველა ახალი ამბავი
0