Pfizer-ის ვაქცინა

დიმიტრი ხუნდაძე: Pfizer-ის მოლოდინში ჩინური ვაქცინების აქტუალობა დაეცა

85
(განახლებულია 12:23 22.07.2021)
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ეპიდვითარება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, უარესდება და გამონაკლისი არც საქართველოა, განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. 

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში სულ უფრო იზრდება კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი. 19 ივლისს ვირუსი 2.600-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ეს ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი – 1.557 თბილისში დაფიქსირდა.

ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ისაა, რომ ვაქცინაციის პროცესი საჭირო ტემპით არ მიმდინარეობს, ხოლო მოქალაქეები კოვიდ-რეგულაციებს შესაბამისად აღარ იცავენ.

„ქვეყანაში ვირუსი აქტიურად ცირკულირებს და ეს ტენდენცია ჰგავს გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის ვითარებას. აგვისტოში კი, შესაძლოა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში „ლოკდაუნი“ კიდევ ერთხელ გამოცხადდება, ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩავარდება. მან მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები და ახალი კოვიდ-შეზღუდვები, რაც ქვეყანას ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. ქვეყანაში ოთხი სახეობის ვაქცინაა შემოსული, პრეპარატ Pfizer-ის მოლოდინში კი ჩინური ვაქცინების აქტუალობა დაეცა და რეგისტრაცია შემცირებადი ხასიათისაა. ჩვენ თუ ვირჩევთ რომელიმე ვაქცინას და ველოდებით მას, შესაძლოა, ამ ლოდინში რეანიმაციულ საწოლზე აღმოვჩნდეთ“, – განაცხადა ხუნდაძემ. 

ამიტომ ხუნდაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვისა და იმ ვაქცინებით აცრისკენ, რომელიც ხელმისაწვდომია დღეს ქვეყანაში. სპეციალისტები ვითარების გაუარესებას კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებით ხსნიან. დარჩენილი შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ის პრეპარატიც ჩაერთო, მოგვიანებით – Sinovac-ის ვაქცინა. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

საქართველომ ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატ Pfizer-ის პირველი პარტია (29.500 დოზა) 25 მარტს მიიღო, ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა კი 14 ივლისს შემოვიდა. Pfizer-ის მესამე პარტია ქვეყანაში ივლისის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. სულ საქართველომ აღნიშნული პრეპარატის 1 მილიონზე მეტი დოზა უნდა მიიღოს. გარდა ამისა, საქართველო Pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას აშშ-დან დონაციის ფარგლებში მიიღებს.

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ჩატარდა 368.179 აცრა. სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 132.207 ადამიანი.

85
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (976)
ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს - აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება

1
სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა იმუნიზაციის დაგეგმილ ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ეპიდემიოლოგების მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აიცრა 17.133 ადამიანი.

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.

„გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.

„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.

1
ვაქცინაციის ცენტრი სავაჭრო ცენტრ Hualing Plaza-ში

საქართველოში უცხოელთათვის ვაქცინაციის პუნქტები გაიხსნა: ვინ შეძლებს აცრას

27
უცხო ქვეყნის მოქალაქემ/მოქალაქეობის არმქონე პირმა ვაქცინაციის პუნქტში უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობას ადასტურებს.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას, ვაქცინაცია თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამ კლინიკაში შეძლებენ, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, უცხოელები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას შეძლებენ თბილისში, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში; ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში; ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში.

ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციართა იმ ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთაც ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ.

  • საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც საქართველოში მინიმუმ 3 თვის წინ შემოვიდა.
  • სახელმწიფო პროგრამის „იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები.
  • საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერ მოახერხეს ქვეყნის დატოვება), შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე.
  • საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.
  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.
  • საქართველოს მოქალაქეთა ოჯახების არარეზიდენტი წევრები;
  • ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის მცხოვრებნი;
  • სადამკვირვებლო მისიების თანამშრომლები და საერთაშორისო დონორების მისიები.

როგორ უნდა დარეგისტრირდეს უცხოელი

უცხო ქვეყნის მოქალაქემ/მოქალაქეობის არმქონე პირმა ვაქცინაციის პუნქტში უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობას ადასტურებს.

აღნიშნული კატეგორიების უცხოელების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში მხოლოდ ვაქცინაციის შემდეგ განხორციელდება.

27