კახა კალაძე

„ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას“ რა უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს

284
(განახლებულია 23:24 20.07.2021)
მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად ისევ მოქმედი მერი წარადგინა. ჟურნალისტები თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას აქციით შეხვდნენ.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობების დროს  მასმედიის წარმომადგენლებზე ძალადობდა, ქვეყნის განვითარებას და მომავალს აზიანებდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია კალაძემ კიდევ ერთხელ მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ დააფიქსირა.

„რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თუმცა, ამავე დროს, კალაძის თქმით, არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ქართულ საზოგადოებაში.

„ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისის მერობის კანდიდატად დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე დღეს ხელმეორედ დაასახელა.

ოპოზიციური მედიასაშუალებების ჟურნალისტები და მათი მხარდამჭერები დღეს მთაწმინდის პარკთან შეიკრიბნენ, სადაც მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ცერემონია გაიმართა. ჟურნალისტებს ხელში ეკავათ „TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები.

სამი ოპოზიციური ტელეარხი: „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ უკვე ერთი კვირაა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მიზეზი „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერ დადგენილი არ არის, მასმედიის წარმომადგენლები მის გარდაცვალებაში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებს ადანაშაულებენ, რომლებმაც ის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სასტიკად სცემეს. ხოლო ხელისუფლებას – რომ არ დაიცვეს ჟურნალისტები ამ ჯგუფების თავდასხმებისგან.

აქციაზე შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც მთაწმინდის პარკთან ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი მაისურებით და ფოტოებით მივიდნენ. ისინი მთაწმინდის პარკთან რამდენიმე ასეულ მეტრში ტრასაზე დგანან. მმართველი პარტიის შეკრების ადგილზე მათ პოლიცია არ უშვებს.

კახა კალაძე გახდა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პირველი ოფიციალურად წარდგენილი კანდიდატი.

2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ქალაქების მერებს და ადგილობრივი საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.

284
ჯანმოს შტაბბინა

გარდაცვალების მაჩვენებელი კორონავირუსზე სრულად აცრილთა შორის საქართველოში: ჯანმოს ცნობა

84
(განახლებულია 22:17 30.07.2021)
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 464.875 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 153.128 ადამიანი.

თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, დაავადების მძიმე გართულებებისა და სიკვდილის რისკს, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებიც ადასტურებს, ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებულთა წილი მხოლოდ 0.19%-ია.

„ვაქცინირებულებში დაავადება უმეტესწილად მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ვაქცინირებულთა მხოლოდ 4%-ს. ორი დოზით აცრილთა შორის ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ. 30 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ერთ დღე-ღამეში აიცრა 14. 738 ადამიანი. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%.

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.

 

84
ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი

„თელასი" ვაკის რაიონს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

29
(განახლებულია 09:15 30.07.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ვაკის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 31 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რამიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

29
თემები:
თბილისი დღეს
ბათუმი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი

0
(განახლებულია 10:31 30.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 31 ივლისია, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

ენერგია ჩქეფს, შრომისუნარიანობა სათანადო სიმაღლეზეა და ეს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. გამოიყენეთ ეს დრო წარმატების მისაღწევად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დღე უფრო უკვე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად გამოდგება, ვიდრე ახლის დასაწყებად. დიდია ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული დავების ალბათობა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივლისი>>

ვერძი: დღეს შესანიშნავი შანსი გეძლევათ, რომ თუ გამდიდრდეთ არა, ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროთ მაინც. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფულთან დაკავშირებული სიურპრიზი გელოდებათ: პრემია გაწეული შრომისთვის, ადრე გაცემული ვალის დაბრუნება, საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან ან, ბოლოს და ბოლოს, „ოქროს მთების“ დაპირება პერსპექტივაში. თუ უფრო შემოსავლიანი თანამდებობის მოძებნას აპირებდით, ამისთვის ეს დღე ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

კურო: ხართ ამაღლებულ, პოზიტიურ განწყობაზე და ამის წყალობით თქვენი საქმეები თავისით წაიწევს წინ. ერთნაირად, „თამაშ–თამაშით გაუმკლავდებით როგორც მონოტონურ სამუშაოს, ისე პროექტებს, რომლებიც ანალიზსა და შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. შინაგანი ჰარმონიით აღსავსეებს დღეს ჩვეულებრივზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ და დაღლაც არ დაგეტყობათ.

ტყუპი: დღეს შრომისთვის მოულოდნელ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ხელმძღვანელობის მადლობა, კარიერული ზრდა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. ასევე შესაძლებელია სხვა სასიამოვნო სიურპრიზები, მოვლენები, როგორიცაა ვალის დაბრუნება, დაუგეგმავი მოგება, მივლინება რომელიმე კურორტზე და სხვა. მოკლედ, დღეს ფორტუნა აუცილებლად გაგიღიმებთ და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს დღე გახდეს თქვენს ცხოვრებაში იღბლიანი პერიოდის დასაწყისი.

კირჩხიბი: მარტივი დღე არ გელოდებათ. მოვლენები შეიძლება სულაც არ განვითარდეს ისე, როგორ ელოდებით. რაღაც მომენტში შესაძლოა ინიციატივა გაუშვათ ხელიდან და ვითარება ვეღარ გააკონტროლოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ცუდი მომზადების ან ინფორმაციების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თუ არ გინდათ, რომ ყველაფერი ხელიდან გაგისხლტეთ, ისეთ საქმეებს შეეჭიდეთ, რომლებშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.

ლომი: აჯობებს იმ პროექტზე იმუშაოთ, რომელიც უკვე მომზადებული გაქვთ და შესაძლოა, სულ მცირე რაღაც აკლია, რომ ამოქმედდეს. ამას გარდა, დღეს შეიძლება რაღაც კარგი ინფორმაცია მიიღოთ, რაც ხელს შეუწყობს ამ პროექტის უახლოეს დღეებში ამუშავებას. ეს შეიძლება იყოს თანხის მიღება, ინფორმაცია, აუცილებელი კონტაქტები ან ახლობლების თანხმობა. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, რათა პროექტი, ბოლოს და ბოლოს, ამოქმედდეს.

ქალწული: ვარსკვლავები გაფრთხილებენ – შეიძლება შეეჯახოთ რაღაც ჭორებს, რომლებიც უარყოფითად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. ამასთან, შეიძლება გახდეთ ამ ჭორების არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ დაზარალდეთ იმის გამო, რომ ეს ხმები თავად გაავრცელეთ. ასე რომ, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აჯობებს, თუ თქვენს მოსაზრებებს გარშემომყოფების შესახებ თქვენთვისვე შეინახავთ. ხოლო იმას, რასაც ირგვლივ ლაპარაკობენ, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ – ასე მიაგნებთ ჭორების გავრცელების წყაროს და მისგან თავის დაღწევის შანსი გაგიჩნდებათ.

სასწორი: დღეს შეიძლება იეჭვიანოთ სხვების წარმატებებზე და იმედი გაგიცრუვდეთ საკუთარი თავის გამო. ეს შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე კოლეგის წახალისებამ ან იმის გაცნობიერებამ, რომ თქვენი საქმეები ჩიხში შევიდა. თუ გარშემომყოფები უფრო წარმატებულებად გეჩვენებათ, ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლებად იყუროთ აქეთ–იქით და საკუთარ საქმეებს მიხედოთ. გაიხსენეთ, როდესაც თქვენ იყავით ყველაზე წარმატებული და ეცადეთ, განეწყოთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

მორიელი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ეს გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეთ კოლეგების, მეგობრების ან ახლობლების წარმატებების მიმართ. მთავარი ისაა, რომ სწორედ ეს გაიძულებთ, იმოქმედოთ უფრო ენერგიულად. შესაძლოა, აზარტული განწყობის კარნახით გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო ვერ გაბედავდით. და რამდენად გაამართლებს ეს რისკი, ამას უფრო მოგვიანებით, სხვა დღეს შეიტყობთ.

მშვილდოსანი: კონფლიქტისთვის ხართ განწყობილი, ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენებათ გარშემომყოფებს. ერთი მხრივ, არ დაუშვებთ სხვების ჩარევას და მტკიცედ იდგებით თქვენს მოსაზრებაზე და მეორე მხრივ, ყველას გაკრიტიკებისა და დაუკითხავი რჩევების მიცემის სურვილი გამოძრავებთ. თქვენ თავად დარწმუნებული ხართ, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ. შესაძლოა, რაღაც საკითხებში მართლაც მართალი ხართ, მაგრამ არა სიმშვიდისა და ნერვების შენარჩუნების საკითხებში.

თხის რქა: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი უნარია, იგრძნოთ, საიდან უბერავს ქარი. სიტუაცია მოითხოვს, რომ გზადაგზა გაერკვიოთ ვითარებაში, მოერგოთ მას და წარმოადგინოთ თქვენი იდეები იმგვარად, რომ ისინი ირგვლივ მყოფებს აუცილებლად მოეწონოთ. შეგიძლიათ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან შეუცდომლად აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მომგებიანია თქვენთვის, თუნდაც ამისთვის მოქმედებების ჩვეული სტილის შეცვლა დაგჭირდეთ.

მერწყული: დღეს ნებისმიერი წამოწყებისთვის შესანიშნავი დღეა. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, პრაქტიკულად ყველა საქმე დროთა განმავლობაში მოგებასა და წარმატებას გპირდებათ. ასე რომ, თამამად დააწყვეთ გეგმები, წამოაყენეთ ახალი პროექტი, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს შურით გაჟღენთილი კრიტიკაა. თუ ამ კრიტიკას მოუსმენთ და აჰყვებით, შესაძლოა, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, რაც თქვენს საქმეებზე ცუდად აისახება.

თევზები: მოუსვენრობა შეგიპყრობთ და ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. თქვენი ენერგია გამოსავალს ეძებს, ეჭიდება ნებისმიერ შანსს, რომ ცხოვრება გაამრავალფეროვნოს. შესაძლოა, ინიციატივა გამოიჩინოთ და რომელიმე მივლინებას დათანხმდეთ რამე საბაბით, ან კამათში ჩაებათ იმისთვის, რომ რაღაც განსხვავებული მოხდეს და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში არ მიდიოდეს. და თუ საქმეებს ადრე მორჩებით, შემდეგ შეგიძლიათ მთელი შემართებით გაერთოთ.

0