ჯანდაცვის სამინისტრო: Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ტელეფონითაც შეძლებთ

© REUTERS / STEPHANE MAHE Pfizer
 Pfizer - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
ამ მომენტისთვის საქართველოში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინები.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ტელეფონის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური გამარტივების მიზნით, სატელეფონო რეგისტრაცია ჩინური წარმოების Sinopharm-სა და Sinovac-ზე უკვე ხორციელდება – ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველმა მოქალაქეებმა რეგისტრაციის გასავლელად უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე – 15-22.
გაბუნიას განმარტებით, Pfizer-ით ვაქცინაციაზე სატელეფონო რეგისტრაცია მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ქვეყანაში აღნიშნული ვაქცინის დიდი რაოდენობა შემოვა.
საქართველომ ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის Pfizer-ის პირველი პარტია (29.500 დოზა) 25 მარტს მიიღო, ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა კი 14 ივლისს შემოვიდა. Pfizer-ის მესამე პარტია ქვეყანაში ივლისის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. სულ საქართველომ აღნიშნული პრეპარატის 1 მილიონზე მეტი დოზა უნდა მიიღოს. გარდა ამისა, საქართველო Pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას აშშ-დან დონაციის ფარგლებში მიიღებს.
Pfizer-ით ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ პირებისთვისაა ნებადართული, თუმცა უახლოეს პერიოდში იმუნიზაციის საბჭო ასაკობრივი ზღვარის 16 წლამდე დაწევას აპირებს.
გაბუნია ვაქცინის მესამე პარტიის შემოსვლის ზუსტ თარიღს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ვინც ამ დღეებში Pfizer-ის ვაქცინისთვის დარეგისტრირება ვერ მოახერხა, ამის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში ექნება. როგორც ცნობილია, 14 ივლისს პრეპარატ Pfizer-ით აცრისთვის ჩაწერა დაბრკოლდა – მსურველთა დიდი რაოდენობის გამო რეგისტრაციის ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობდა.
„Pfizer-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება, ქვეყანა უახლოეს პერიოდში აღნიშნული ვაქცინის ახალ პარტიას ელოდება. ამ დროისათვის რეგისტრაციის ვებ-გვერდი გამართულად მუშაობს. მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის პორტალზე ხარვეზები დაფიქსირდა, ტექნიკურმა ჯგუფმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეფერხებები მომავალში აღარ დაფიქსირდეს“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 368.179 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 132.207 მოქალაქე.
ყველა ახალი ამბავი
0