ვაქცინაცია

შესაძლოა ინფიცირებიდან ვაქცინაციამდე 120-დღიანი შუალედი შემცირდეს

92
(განახლებულია 19:57 16.07.2021)
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 334.199 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 126.171 მოქალაქე.

თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. იმუნიზაციის საბჭო კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინაციისთვის დაშვებული 120-დღიანი პერიოდის შემცირების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

COVID-19 ბავშვებში: საქართველოში თავისუფალი პედიატრიული საწოლები თითქმის აღარ დარჩა>>

გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნულ რეგულაციაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელს გახდის სამედიცინო პერსონალი აცრების პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთოს.

„სამედიცინო პერსონალმა პანდემიის დროს მიიღო ყველაზე დიდი დარტყმა. თუ ჩვენთან მოსახლეობაში საერთო ინფიცირება არის 7%, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება არის 33%.  ჩვენთან დღევანდელი მოქმედი რეგულაციით ვაქცინაცია დაშვებულია ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ, ამიტომ ზოგს არ უწევდა აცრა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, სამედიცინო სექტორში დასაქმებული 65 ათასი ადამიანიდან აცრილია 12 ათასამდე პირი. ექიმების რაოდენობა კი ჯამში შეადგენს 18 ათასს და მათგან აცრილია 7%-მდე.

„დარწმუნებული ვარ, სამედიცინო პერსონალი უფრო აქტიურად იქნება აცრების პროცესში ჩართული. საერთო მოსახლეობასთან შედარებით, სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებელი ორჯერ მეტია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე დღის წინ სამი რეკომენდაციით წარდგა – ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, ტესტირების გაფართოება და არსებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების სრულად დაცვა.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1.653 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 384 ათასს გადააჭარბა.

92
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (989)
 ვაზიანის სამხედრო ბაზა

Agile Spirit 2021–ის ფარგლებში საჰაერო-სადესანტო წვრთნა გაიმართა

122
(განახლებულია 13:15 01.08.2021)
Agile Spirit-ის მიზანია ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო უნარების ასამაღლებლად.

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 („მტკიცე სული") 26 ივლისს გაიხსნა. საქართველო  სამხედრო სწავლებას, რომელიც წელს უკვე მეათედ ტარდება, 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნებში მონაწილეობს 700 ამერიკელი, 1.600 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე.

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო სადესანტო წვრთნა საქართველოს თავდაცვის ძალების, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიისა და ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა. საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების სამი ერთეული C-130 ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა. 

საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე C-130 თვითმფრინავიდან სამხედრო მძიმე ტექნიკის გადმოსროლით დაიწყო, რის შემდეგაც დანარჩენი ორი თვითმფრინავიდან პირადი შემადგენლობის დესანტირება განხორციელდა.

„პარაშუტებით გადმოხტომისას სამხედროებმა Agile Spirit 2021-ში მონაწილე ქვეყნების დროშები გაშალეს. საჰაერო დესანტირების შემდეგ სადესანტო ჯგუფების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა პარტნიორობისა და მეგობრობის ნიშნად ერთმანეთს პარაშუტისტების ბეჯები გაუცვალეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სცენარის მიხედვით, მედესანტეებმა სამხედრო აეროდრომის დაკავების ოპერაცია შემდგომში მომყოლი მოკავშირე მრავალეროვნული ძალების მიღებისა და მათ მიერ აეროდრომის დაკავების მიზნით ჩაატარეს.

Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია".

წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლება არ ჩატარებულა.

122
თემები:
საქართველოს თავდაცვა
შანაე ბრუკი

წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია: „საერთაშორისო სახლი“ შანაი ბრუკის დაღუპვის ფაქტზე

97
(განახლებულია 12:59 01.08.2021)
შსს-ს ცნობით, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები  დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. თბილისში 31 წლის ავსტრალიელი ქალის შანაი ბრუკის გარდაცვალებას ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი „საერთაშორისო სახლი“ (International House Tbilisi), სადაც ქალი მასწავლებლად მუშაობდა, სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

„ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვავთ ჩვენი მასწავლებელის, შანაე ბრუქს ედვარდსის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია. დავკარგეთ გულისხმიერი ახალგაზრდა ადამიანი და კარგი მასწავლებელი. ვუსამძიმრებთ ყველას –ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს",- აღნიშნულია განცხადებაში. 

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა გუშინ იპოვეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. მისი ცხედარი  მთაწმინდის ფერდობზე „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ ხეობაში იპოვეს. იგი ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.

ავსტრალიის მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ქალის გარდაცვალების საქმეზე თავდაპირველად საქმე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) შეიცვალა.

97
თემები:
თბილისი დღეს
სუს–ის უფროსი და სპეცრაზმი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაბადების დღე აღნიშნა

0
(განახლებულია 19:52 01.08.2021)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 13 სტრუქტურული ერთეულისგან შედგება, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს–ი) ექვსი წლის გახდა – ის 2015 წლის პირველ აგვისტოს დაარსდა – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.

სუს–ი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალიზებული დაწესებულებების სისტემას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ ემორჩილება საქართველოს მთავრობას და რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს უშიშროებას უზრუნველყოფს.

სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საკონსტიტუციო წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხოური სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების არასამართლებრივი ქმედებებისგან, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბრძოლა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან და საერთაშორისო დანაშაულთან, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროებას, კორუფციის შესახებ გამაფრთხილებელი, მისი გამოვლენისა და აღკვეთის ზომების მიღება.

სუს–ი შედგება 13 სტრუქტურული ერთეულისგან, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა.

პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით სამსახურის სპეცრაზმმა ჩაატარა საჩვენებელი წვრთნები, რომელსაც თვალს ადევნებდნენ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს–ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

„ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მოქალაქეებს, მოსახლეობას, იცავენ და აძლიერებენ ჩვენ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს“, –განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის>>

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს.

0