პალატა კლინიკაში

COVID-19 ბავშვებში: საქართველოში თავისუფალი პედიატრიული საწოლები თითქმის აღარ დარჩა

78
(განახლებულია 18:37 16.07.2021)
პედიატრები მშობლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ბავშვებისა და ოჯახის წევრების დაცვის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სწორედ იმუნიზაციაა.

თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საქართველოში პედიატრიული საწოლების თითქმის 100% ათვისებულია, ასევე რეანიმაციულ განყოფილებებში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალშობილიდან ერთი გარდაიცვალა>>

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მეორე ტალღასთან შედარებით, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ახლა ძალიან ბევრი ბავშვი საჭირობს ჰოსპიტალიზაციას. მისი განმარტებით, სწორედ ამან განაპირობა პედიატრიული საწოლების პრაქტიკულად სრულად ათვისება.

„ამის გამო საჭირო გახდა დამატებით გამოყოფილიყო საწოლები ბავშვებისთვის. ბავშვებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს და უფრო ხშირად ხდება აუცილებელი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

პედიატრების განცხადებით, ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება რთულად მიმდინარეობს, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში. იკვეთება გახანგრძლივებული ჰიპერთერმია და შეიძლება თან ახლდეს ქვედა სასუნთქი გზების გართულება, ასევე ზიანდება ფილტვები, ბავშვებს ახასიათებთ ზოგადი, საერთო სისუსტე.

გუშინ  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 300 ბავშვი მკურნალობს. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ემზადება აგვისტოსთვის, როდესაც, სავარაუდოდ, ინდური შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ბრიტანულს და ინფიცირების აფეთქებას გამოიწვევს, მათ შორის ბავშვებში.

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო, ამასთან, იმატებს ე.წ. ინდური („დელტა"), უფრო აგრესიული შტამის შემთხვევები.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო ადვილად აზიანებს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს.

78
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (989)
 ვაზიანის სამხედრო ბაზა

Agile Spirit 2021–ის ფარგლებში საჰაერო-სადესანტო წვრთნა გაიმართა

144
(განახლებულია 13:15 01.08.2021)
Agile Spirit-ის მიზანია ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო უნარების ასამაღლებლად.

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 („მტკიცე სული") 26 ივლისს გაიხსნა. საქართველო  სამხედრო სწავლებას, რომელიც წელს უკვე მეათედ ტარდება, 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნებში მონაწილეობს 700 ამერიკელი, 1.600 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე.

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო სადესანტო წვრთნა საქართველოს თავდაცვის ძალების, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიისა და ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა. საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების სამი ერთეული C-130 ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა. 

საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე C-130 თვითმფრინავიდან სამხედრო მძიმე ტექნიკის გადმოსროლით დაიწყო, რის შემდეგაც დანარჩენი ორი თვითმფრინავიდან პირადი შემადგენლობის დესანტირება განხორციელდა.

„პარაშუტებით გადმოხტომისას სამხედროებმა Agile Spirit 2021-ში მონაწილე ქვეყნების დროშები გაშალეს. საჰაერო დესანტირების შემდეგ სადესანტო ჯგუფების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა პარტნიორობისა და მეგობრობის ნიშნად ერთმანეთს პარაშუტისტების ბეჯები გაუცვალეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სცენარის მიხედვით, მედესანტეებმა სამხედრო აეროდრომის დაკავების ოპერაცია შემდგომში მომყოლი მოკავშირე მრავალეროვნული ძალების მიღებისა და მათ მიერ აეროდრომის დაკავების მიზნით ჩაატარეს.

Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია".

წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლება არ ჩატარებულა.

144
თემები:
საქართველოს თავდაცვა
შანაე ბრუკი

წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია: „საერთაშორისო სახლი“ შანაი ბრუკის დაღუპვის ფაქტზე

102
(განახლებულია 12:59 01.08.2021)
შსს-ს ცნობით, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები  დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. თბილისში 31 წლის ავსტრალიელი ქალის შანაი ბრუკის გარდაცვალებას ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი „საერთაშორისო სახლი“ (International House Tbilisi), სადაც ქალი მასწავლებლად მუშაობდა, სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

„ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვავთ ჩვენი მასწავლებელის, შანაე ბრუქს ედვარდსის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია. დავკარგეთ გულისხმიერი ახალგაზრდა ადამიანი და კარგი მასწავლებელი. ვუსამძიმრებთ ყველას –ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს",- აღნიშნულია განცხადებაში. 

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა გუშინ იპოვეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. მისი ცხედარი  მთაწმინდის ფერდობზე „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ ხეობაში იპოვეს. იგი ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.

ავსტრალიის მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ქალის გარდაცვალების საქმეზე თავდაპირველად საქმე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) შეიცვალა.

102
თემები:
თბილისი დღეს
სეისმოგრაფი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა კვლავ სოფელ სამებასთან

0
მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან ახლოს, ცხრა კილომეტრ სიღრმეში მდებარეობდა

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. დმანისიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

სეისმოლოგი: გახშირებული მიწისძვრები საქართველოში საყურადღებოა>>

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 21:09 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 9 კმ სიღრმეში მდებარეობდა.

ივნისსა და ივლისში სეისმოლოგებმა ამ ტერიტორიაზე 3,0–4,0 მაგნიტუდის ორ ათეულამდე მიწისძვრა დააფიქსირეს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში