ვიდეოკამერები

პროტესტის შემდეგ ოთხმა ტელეარხმა მაუწყებლობა განაახლა

53
(განახლებულია 17:19 15.07.2021)
ეთერის გათიშვა პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ქართველმა ჟურნალისტებმა ძალადობის წინააღმდეგ მიმართეს. ისინი შაბათს კვლავ გამოვლენ ქუჩაში.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მაუწყებლობა განაახლა ოთხმა ქართულმა ტელეარხმა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად მუშაობა ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეწყვიტეს.

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე – ასეთი მოთხოვნით ოთხმა ქართულმა ტელეარხმა („TV პირველმა", „მთავარმა არხმა", „ფორმულამ" და „კავკასიამ") 14 ივლისს მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა. მათი ეკრანების შავ ფონზე გადიოდა იმ 53 ჟურნალისტისა და ოპერატორის სია, რომლებიც 5 ივლისის არეულობის დროს თბილისში ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.

მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თბილისში 5 ივლისს „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს, დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა. ცემის შემდეგ მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორი კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მესამე დღეს გარდაიცვალა.

როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ხუთი წუთის განმავლობაში ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.

ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან ოპერატორი 5 ივლისს, როდესაც თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, ლგბტ–საზოგადოების მოწინააღმდეგეთა მხრიდან სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მინისტრთა მთელი კაბინეტის გადადგომა მოითხოვეს.

აქციებზე ასევე მოითხოვდნენ იმ მღვდელმსახურების პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც 5 ივლისს აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას ახდენდნენ. ლექსო ლაშქარავა 13 ივლისს დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე ის კოლეგებმა გააცილეს პრაქტიკულად ყველა ტელეარხიდან.

ლგბტ-საზოგადოების დაცვის მიზნით აქცია „ღირსების მარშის" ჩატარებას არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" გეგმავდა. თუმცა დილიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო.

ადგილზე არ ყოფილან არც ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები და არც მათი მომხრეები, „ტრადიციული ფასეულობების დამცველთა" მთელი აგრესია ჟურნალისტებზე გადავიდა.

53
თემები:
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (46)
ელექტროგადამცემი ხაზი

„თელასი" ნაძალადევის რაიონს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

36
(განახლებულია 18:01 29.07.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

36
თემები:
თბილისი დღეს
ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს - აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება

39
სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა იმუნიზაციის დაგეგმილ ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ეპიდემიოლოგების მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აიცრა 17.133 ადამიანი.

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.

„გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.

„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.

39