ლექსო ლაშქარავას ცემისთვის დაკავებული ცნობილი შოუს მონაწილეა – დეტალები

© photo : Transparency International Georgia / FBლექსო ლაშქარავა
ლექსო ლაშქარავა - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ცემისთვის დაკავებული ცნობილი შოუს მონაწილე აღმოჩნდა.
ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე დაკავებული დავით კუტალაძე რამდენიმე წლის წინ ცნობილ შოუში „გააცინე და მოიგე“ მონაწილეობდა.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაკავებულის ფოტოების გავრცელების შემდეგ მალევე ამოიცნეს ცნობილი გადაცემის გმირი, რომელიც წლების წინ თანხის მოგებას იუმორით ცდილობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს ბრალდებულმა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში ტელეკომპანია „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე-2 ნაწილის „ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
„5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის ხუთი – ტელეკომპანია „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები”, – აცხადებენ შსს-ში.
სწორედ ტელეკომპანია „TV პირველის“ ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა 11 ივლისის დილით. ექსპერტიზა მისი გარდაცვალების მიზეზებს სწავლობს.
ყველა ახალი ამბავი
0